ვაზაგაშვილების საქმე

ჭკადუა: ვიცი ადამიანი, ვისაც ვაზაგაშვილების დისკრედიტაციისთვის ფულს უხდიდნენ

ტაბულა

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია ადამიანზე, რომელსაც ფულს უხდიდნენ და საგანგებოდ ატარებდა ბრიფინგებს ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრედიტაციისთვის. ამის შესახებ ჭკადუამ 2 თებერვალს, გადაცემა თეორემაში 2002 წელს მოკლული ბექა პაპუაშვილის და გიორგი გაბუნიას ოჯახების მიერ მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილის დადანაშაულებაზე თქვა. ტაბულასთან საუბარში ირმა ჭკადუამ არ დაასახელა ამ ადამიანის ვინაობა და განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ აპირებს ამ ინფორმაციის გამხელას. 

"მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები [ბექა პაპუაშვილის და გიორგი გაბუნიას ოჯახები] ზურა ვაზაგაშვილს ადანაშაულებდნენ მკვლელობაში. უფრო მეტიც, მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ოჯახებისგან. გარდა ამისა, თუ ზურა ვაზაგაშვილმა რომელიმე მათგანი მოკლა, ამისთვის არსებობენ საგამოძიებო ორგანოები, მათ უნდა დაეჭირათ ვაზაგაშვილი და არ უნდა მოეკლათ და პასუხი მოეთხოვათ მისთვის, თუ, რა თქმა უნდა, მან რომელიმე დანაშაული ჩაიდინა. სამაგიეროდ, მე ვიცი ადამიანი და ძალიან მალე გახდება ცნობილი იმასთან დაკავშირებით, რომ მას უხდიდნენ ფულს და სპეციალურად ატარებდა ბრიფინგებს იმისთვის, რომ მოეხდინა ზურაბ ვაზაგაშვილის და იური ვაზაგაშვილის ოჯახის დისკრედიტაცია სწორედ ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებით", - განაცხადა ჭკადუამ და აღნიშნა, რომ თუ ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობდა, მას დაიჭერდნენ და თავზე ხელს არავინ გადაუსვამდა. 

"გაეხსნათ საქმე, იური ვაზაგაშვილი ამაში ხელს არავის შეუშლიდა", - თქვა ადვოკატმა.

დღეს, 4 თებერვალს, Ipress.ge-მ გაავრცელა ვიდეო სადაც ირმა ჭკადუა ლევან გაბუნიას, ვინმე დარბაისელისგან ფულის აღებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია საკუთარი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

"2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად ბექა პაპუაშვილი მოკლა, რისი მოწმეც ჩემი შვილი იყო. ერთი წლის შემდეგ, ჩემი შვილი, როგორც მოწმე, მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. 2002 წელს არ აგო პასუხი პაპუაშვილის მკვლელობაზე, მაგრამ 2003 წელს მთავრობა შეიცვალა და შიშით, რომ ახალ მთავრობას შეიძლება საქმე გამოეძიებინა, მოწმე მოიშორეს", - თქვა ლევან გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებს იძიებს. 

"წინა ხელისუფლების დროს გაფრთხილებული ვიყავი და ვიცოდი, რომ საქმე არ გაიხსნებოდა იმ ხელისუფლების პირობებში. იმედი მქონდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გაიხსნებოდა. მაგრამ, ხომ ხედავთ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებზე ბატონმა პრემიერმინისტრმა ბრძანა, რომ ყველა გახმაურებულ საქმეს გამოიძიებენ. ჩემი საქმე, ორი 21 წლის ბიჭის მკვლელობა არ არის გახმაურებული? უნდა ამაფეთქონ რომ ჩემი შვილის საქმე გაირკვას საბოლოოდ? ან გია პაპუაშვილი უნდა ააფეთქონ? პოლიტიზირებულია საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსებს სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ვაზაგაშვილი არავითარი გმირი არ იყო. მიმიფურთხებია იმ თბილისელებისთვის, ვინც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს", - თქვა ლევან გაბუნიამ გადაცემა არჩევანის ეთერში.

კომენტარები