შუღლის გაღვივების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი

შუღლის გაღვივების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ

0 კომენტარი

შუღლის გაღვივების აკრძალვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, უკვე საპარლამენტო კომიტეტებში განიხილება. ცვლილება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს, სხვადასხვა ფორმით გამოხატულ ძალადობრივ მოწოდებას დასჯად ქმედებად აქცევს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და რელიგიური ჯგუფების აბსოლუტური უმრავლესობა კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება, თუმცა მას მხარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უჭერს. შუღლის გაღვივების ფორმულირებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ნორმის შემოღებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველად მიიჩნევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია არასამთავრობო ორგანიზაციებს დაპირდა, რომ  კანონპროექტის ჩანაწერს მყისიერი საფრთხის ტესტი დაემატება, რაც მის ბუნდოვანებას მეტ-ნაკლებად მოხსნის. მიქელაძე წუხს, რომ კანონპროექტის განხილვისას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოში არ მიიწვიეს.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 18-მა წარმომადგენელმა გუშინ განცხადება გაავრცელა და კანონპროექტს სარისკო უწოდა. ამავე აზრზეა საბჭოს წარმომადგენელი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, რომელიც კანონპროექტის მომზადების პროცესში უმცირესობათა ჩართულობის არარსებობაზე სვამს აქცენტს და შიშობს, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში ნორმა დომინანტი რელიგიური ჯგუფის ხელში საპირისპირო აზრის ჩამხშობ ბერკეტად იქცევა.

თუ შს სამინისტრო დანაპირებს შეასრულებს და სისხლის სამართლის კოდექსში ძალადობისკენ მოწოდების კრიმინალიზება მხოლოდ მყისიერი საფრთხის შემთხვევაში მოხდება, მაინც გაუგებარი დარჩება, რატომ გახდა ამ კანონპროექტის ინიცირება საჭირო, როცა ჩვენი კანონმდებლობა ამგვარ მოწოდებას ისედაც სჯის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები