ე.წ კორტების საქმე

გომელაური: სპეცრაზმელები მათი ხელმძღვანელების ბრძანების მსხვერპლი გახდნენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის ის თანამშრომლები, რომლებიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, "მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლი გახდნენ". ამის შესახებ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწებამდე ჟურნალისტებს უთხრა. მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ინფორმაციას ფლობს.

ვახტანგ გომელაურის თქმით, თუ კიდევ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მათაც დააკავებენ. 

რაც შეეხება შსს-ს თანამშრომლებს, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ისინი სამსახურიდან პროკურატურის მომართვის საფუძველზე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს.

„პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მომხდარიყო მათი გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. ამის შემდეგ მოხდა დაკავება. ძალიან ვწუხვარ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლი გახდნენ,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით, "მოვლენები სწორად ვითარდება".

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და 11 პირი დააკავა, მათ შორის, სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის შეფასებით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმელები იმიტომ დააკავეს, რომ "როგორც ჩანს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს". როგორც მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, ბრალდების მხარეს არც ერთი წყარო არ დაუსახელებია და არც ერთი საბუთი არ უჩვენებია.

"რომც წარმოვიდგინოთ, ერთი წუთით დავუშვათ, რომ  ირაკლი ფირცხალავა დამნაშავეა და მან დანაშაულებრივი ბრძანება მისცა სპეცრაზმის წევრებს, სპეცრაზმელების დაკავება, მითუმეტეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით რა ლოგიკაში ჯდება? რა, სპეცრაზმის თანამშრომელი ვალდებულია, რომ შეისწავლოს საქმე, როცა მას ავალებენ ადამიანს ესროლოს და ნახოს, აქ რამე გადამეტებას ან შურისძიებას ხომ არ აქვს ადგილი? სპეცრაზმელი იმის სპეცრაზმელია, რომ მიიღო დავალება და შეასრულოს. ისინი იმიტომ დააკავეს, რომ როგორც ჩანს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. განსხვავებით სხვა რეზონანსული საქმეებისგან, რომლებზეც გაუმართავთ ბრიფინგები, დღეს არც წყარო დაუსახელებით, არც რამე საბუთი უჩვენებიათ. დაიჭირეს სპეცრაზმელები იმ იმედით, რომ ამდენწლიანი პატიმრობის მუქარით ვინმე მაინც გატყდება და რამეს იტყვის, რომ ამ უაღრესად საეჭვო საქმეში რამე მტკიცებულება შექმნან" - განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულების შესახებ პროკურატურას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია.

კომენტარები