საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

სააკაშვილი: მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, უკრაინაში კორუფციას ვებრძოლოთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინული ტელეარხის ეთერში აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობაზე ოფიციალური განაცხადი არ შეუტანია. თუმცა, მისი თქმით, მის გუნდს კორუფციასთან ბრძოლის ამოცანის ეფექტურად შესრულება შეუძლია. სააკაშვილის აზრით, კორუფციის დამარცხება რუსული აგრესიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. 

"არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამ ეტაპზე არ შემიტანია. რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს საუბრები და პოლიტიკური კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში ამასთან დაკავშირებით. რატომ წარმოიშვა ეს აზრი? გვყავს ქართველების გუნდი, რომელიც მუშაობს როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ისე სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქციებთან. მათი ნაწილი იუსტიციის სამინისტროში მოხვდა, ნაწილი - შინაგან საქმეთა სამინისტროში. ერთადერთი, რაც შემიძლია დავადასტურო, ისაა, რომ მე და ჩემი გუნდი, მისი საკმაოდ კომპეტენტური წევრები, მზად ვართ ამ საქმეს ხელი მოვკიდოთ. თუ ახლა არ იქნება წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, პუტინის ყველაზე უარესი ჩანაფიქრები უკრაინასთან დაკავშირებით რეალიზებული იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები