საქართველოს თეატრალური საზოგადოება

კომპეტენციების პირისპირ

0 კომენტარი
გოგი ქავთარაძე და ილია ჭავჭავაძე ფოტო: ge-art.ge / ეროვნული ბიბლიოთეკა

ამბავი პრემიის, რომელიც ჟიურის წევრებს გადაეცემა

„საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაზე“ დაწერილი წერილების მთავარი ამოცანაა, აიძულოს მისი ხელმძღვანელობა, უპასუხოს შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც პროფესიული გაერთიანების მუშაობას უკავშირდება.

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ფუნქციონირება ძირითადად მხოლოდ იანვარშია თვალშისაცემი: 14-ში ქართული თეატრის დღე აღინიშნება, ხოლო 18-ში - „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ დაფუძნების (1881 წელი). მისი პირველი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო, ახლანდელია გოგი ქავთარაძე.   

როგორია „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ თანამედროვე სახე? მისი წევრების რიგები შემცირებულია. დარჩენილებს პროფესიული კავშირი, როგორც წესი, მაშინ ახსენდებათ, როდესაც დასასვენებელი სახლებისთვის საჭირო საგზურები სჭირდებათ. უფრო ფართო აუდიტორია „საქართველოს თეატრალური საზოგადოებით“ მაშინ ინტერესდება, როდესაც მის მიერ გაცემული პრემიების შესახებ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით იგებს. დარგის წარმომადგენელთა დაჯილდოებას 2015 წელსაც არასერიოზული სახე ჰქონდა.    

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ფუნქციონირების წინააღმდეგ ხმა ახალგაზრდა თეატრმცოდნეებმა 2010 წელს აიმაღლეს. მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი და კარგად მახსოვს საკითხები, კრიტიკულად რომ განგვაწყო. ზედიზედ რამდენიმე ვადით არჩეული გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობის პერიოდში დარღვეული იყო არაერთი დებულება, მაგალითად, სახელობითი პრემიების მინიჭების, რომლის თანახმადაც სანდრო ახმეტელის პრემია უნდა გაცემულიყო 5 წელიწადში ერთხელ, არადა გაიცა 9-ჯერ, მარჯანიშვილის პრემია - 2 წელიწადში ერთხელ, 6 წლის განმავლობაში - 24-ჯერ; აღარაფერს ვამბობ უნახავი სპექტაკლების დაჯილდოებასა და ძირითადად იუბილარი თეატრების ნამუშევრების თუ წარმომადგენლების გამორჩევაზე. გაუგებარი იყო არანომინირებულთა მოხვედრა გამარჯვებულთა ჩამონათვალში და ა.შ. „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ გამგეობას მივმართავდით შეკითხვებით: 1.რატომ დაირღვა დებულებები? 2.რომელი დადგმები ნახეს ჟიურის წევრებმა რეგიონებში? 3.რატომ დაჯილდოვდნენ ისინი, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ წარდგენილნი? 4. რატომ გააუფასურეს „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ პრეზიდიუმის წარმომადგენლებმა ავტორიტეტი კავშირის, რომელიც 1881 წელს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ალექსანდრე ყაზბეგმა, ვასო აბაშიძემ, ივანე მაჩაბელმა, რაფიელ ერისთავმა, დიმიტრი და კოტე ყიფიანებმა, ანტონ ფურცელაძემ და სხვებმა დააფუძნეს? 5. რატომ არ გამოიცვალა ათწლეულების განმავლობაში თეატრალური საზოგადოების პრემიების მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობა? 6.კავშირის წევრთა საერთო რაოდენობიდან რამდენი პროცენტია ახალგაზრდა? 7.რამდენად სრულად და პროფესიულად შეისწავლა განვლილი თეატრალური სეზონი პრემიების მიმნიჭებელმა კომისიამ? 

2010 წელს გამოხატულმა წინააღმდეგობამ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ხელმძღვანელობა დიალოგისკენ განაწყო, მაგრამ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელებულა. არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ახალგაზრდების პროტესტი უფრო თანმიმდევრული და ერთსულოვანი რომ ყოფილიყო. პროფესიული ეთიკის დასაცავად ბრძოლის სურვილი გამინელდა, როდესაც პრემია აიღო იმან, ვინც კავშირის არასწორ ფუნქციონირებას საჯაროდ აპროტესტებდა. ამის შემდეგ უფროსი თაობის უპრინციპობასა და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ლაპარაკი ერთჯერადი გამოხმაურებების ფორმატში გრძელდებოდა. ძალთა (აღარაფერს ვამბობ თაობათა) გაერთიანება ვეღარ მოხერხდა. პროფესიულმა კავშირმა ინერციით გააგრძელა არსებობა. ზემოთ ჩამოთვლილი კითხვების უმრავლესობა კვლავაც აქტუალურია.

რა არის „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ძირითადი მოვალეობა? ერთი წინადადებით თუ განვსაზღვრავთ: იყოს ქართული თეატრის დღევანდელობის ამსახველი. თუმცა, თანამედროვე ქართული თეატრი, საბედნიეროდ, სულაც არ არის ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორადაც „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ წარმოაჩენს. და ეს მაშინ, როდესაც მმართველებს ყველანაირი საშუალება აქვთ იმისათვის, რომ ქართული თეატრის განვითარებისთვის იზრუნონ. ისინი არიან პარლამენტარები, თეატრის ხელმძღვანელები და ა.შ. უპირველესად სწორედ მათთვის არ უნდა იყოს მისაღები პრემიების ისეთი სახით, ხარისხითა და ფორმით გაცემა, როგორადაც თუნდაც წელს მოხდა.     

2015 წლის ქართული თეატრის დღე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ნაცვლად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძალისხმევით, 140 წლის ახალციხის (მესხეთის) დრამატულ თეატრში აღინიშნა. წლევანდელი საღამო გასული წლებისას სჯობდა. წინათ დარბაზში დარჩენა იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ დამსწრენი (ხელისუფლების წარმომადგენლებით დაწყებული ხელოვანებით დამთავრებული) ფოიეში გასვლას და ერთმანეთთან საუბარს ამჯობინებდნენ. სამინისტროს „საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაზე“ ბევრად მეტი შეუძლიაო, იტყვით. მას მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თუ მოინდომა. მაგრამ, მეორე მხრივ, რაში იხარჯება კავშირის შემოსავალი, თეატრების და მსახიობების მიერ გადახდილი საწევროები? საწევროს გადასახადი მიზერულია (როგორც მითხრეს, 1 ლარი), არავის დააზარალებს, მაგრამ ჯამში გარკვეულ თანხას ხომ შეადგენს? საწევროს გადასახადზე რომ მიდგებოდა ხოლმე საქმე, საბაბად, როგორც წესი, თეატრმცოდნეებისთვის რეგიონებში ჩასვლისა და სპექტაკლებზე დასწრებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფარვა მოჰყავდათ... ქართულ თეატრმცოდნეობას თავშისახლელად სხვა პრობლემებიც ეყოფა! საინტერესოა, გაუშვა თუ არა „საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ“ თეორეტიკოსები რეგიონებში? ვინ, სად და როდის?

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით გამოცემულ ორფურცლიან გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე წუხს, რომ „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ არ არის ჩართული თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში? საინტერესოა, რა ნიშნით და რა მიმართულებით? არ იცის, რომ ხელმძღვანელობს გაერთიანებას, რომლის რეპუტაციის დონეც დაბალია?! ვითომდა შემოქმედებითი გაერთიანება ყველაზე არაშემოქმედებით გარემოში - საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი დეკორაციის - მაგიდაზე დაწყობილი ყვავილებისა და კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩოში ჩასმული სურათის ფონზე - აჯილდოებს გამარჯვებულებს. დებულებების საჭიროებისამებრ შეცვლა თუ არ არის პრობლემა, სივრცის „ახლებურად გადაწყვეტის“ საკითხი რატომ არ განიხილება?   

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ მომავალზე საუბარს გოგი ქავთარაძე ხსოვნის საღამოების აღდგენის აუცილებლობით იწყებს. კიდევ უფრო მრავლისმთქმელია კომენტარი, რომელსაც თავმჯდომარე (პარლამენტარი!) გაქირავებულ ფართ(ებ)ზე აკეთებს: - „ბევრი დამქირავებელი არაკეთილსინდისიერად ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებს - დროულად არ იხდის ქირის ფულს, ზოგი კი ისე გაგვეპარა, თვალსა და ხელს შუა, ისე გაგვიქრა, ვერსად მივაკვლიეთ. აქ ისმის თეატრალური საზოგადოების მენეჯმენტის საკითხი. იგი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მან ვერ უზრუნველყო იმ რეზერვების გამოყენება, რაც მსახიობის სახლს გააჩნია, თუნდაც გამოთავისუფლებული ოთახების გაქირავება ავიღოთ“.    

თუნდაც ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ხელმძღვანელობა ვალდებულია გააკეთოს განვლილი ორი წლის ანგარიში და საჯაროდ უპასუხოს შეკითხვებს, რომელთა შინაარსიც წლების განმავლობაში უცვლელია. მაგალითად:  

1. რატომ არ არის აუცილებელი ჟიურისთვის წარმოდგენების ადგილზე ნახვა და ჩანაწერის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოთხოვნა? საქართველოს ქალაქებს შორის გადაადგილებას დიდი დრო და საშუალება არ სჭირდება. მით უფრო, რომ თეატრალური ხელოვნების ხიბლი წარმოდგენის ცოცხლად ნახვაში მდგომარეობს.

მსოფლიომ თუ დადგმების ჩაწერა მათი გავრცელებისა და დაარქივების მიზნით „მოიფიქრა“, საქართველოში აღნიშნული ხერხი სპექტაკლებზე არმისვლის საბაბი და საშუალება გახდა. სადაც უნახავი სპექტაკლების დაჯილდოების გამოცდილება არსებობს, ჟიურისადმი ჩანაწერის მოთხოვნით გამოწვეული უნდობლობა რა გასაკვირია?! ამასაც რომ თავი დავანებოთ, საქართველოს თეატრებს, განსაკუთრებით რეგიონებში, არა აქვთ იმის მატერიალური და ტექნიკური საშუალება, რომ სპექტაკლები ერთდროულად რამდენიმე კამერით გადაიღონ და ჟიურის ხარისხიანი ჩანაწერის სახით მიაწოდონ. ასეთი პირობა თეატრებს კონკურსისთვის თავის არიდებას აიძულებს.  

2. რატომ აჯილდოებს ჟიური იმას, ვინც წარდგენილი არ იყო? შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალურია სამხატვრო ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც ყოველწლიურად სთხოვენ პრემიაზე წარსადგენი კანდიდატურების დასახელებას.   

3. რატომ არ ცხადდება და ქვეყნდება დაჯილდოებამდე პრემიაზე წარდგენილთა და ნომინირებულთა ჩამონათვალი, მოკლე ნუსხა? ამით გავიგებდით იმასაც, რამდენმა თეატრმა არ მიიღო მონაწილეობა.   

4. დებულების თანახმად, აქვს თუ არა ჟიურის წევრს საკუთარი თავის დაჯილდოების უფლება? წელს როსტომ ჩხეიძე ჟიურის წევრადაც დასახელდა და გამარჯვებულადაც. რამდენიმე წლის წინ ასეთი პრეცედენტი მერი გურგენიძის შემთხვევაში განმეორდა. რამდენად პროფესიონალური და ეთიკურია ასეთი დამოკიდებულება? აბა, სხვა რა არის ინტერესთა კონფლიქტი?!

5. ახალი თაობის წახალისებისა და მხარდაჭერის იმედით, აღარ დადგა კრიტიკული წერილების დებიუტანტი ავტორების ნომინირების დრო?

6. რატომ იგებს გამარჯვებულთა ნაწილი მათთვის პრემიების მინიჭების ამბავს დაჯილდოების შემდეგ?

პრიორიტეტების, პრივილეგიებისა და კომპეტენციების საკითხი „საქართველოს თეატრალური საზოგადოებისთვის“ ყოველთვის მტკივნეული იყო. ხელისუფლების თუ ხელმძღვანელობის ცვლილებას საქმისადმი დამოკიდებულება არ გამოუსწორებია. ამის სამაგალითოდ რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ყოველთვის გამახსენდება 2014 წლის თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია, როდესაც ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მრჩეველმა გიორგი გეგეჭკორმა განსაკუთრებული პათოსით წარადგინა: ჯილდო გადაეცემა დიდი თეატრალური გვარის გამგრძელებელსო, დაიწყო და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვიდრე პოლიტიკოსები თუ სამხატვრო ხელმძღვანელები (ან ორივე ერთად), მმართველები თუ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არ დაუშვებენ, რომ წარმატებისთვის გვარიშვილობა არ კმარა და მთავარი ღირსება ნიჭი და ნიჭიერების შედეგია, რომ აუცილებელია მომავალი თაობის ჯანსაღი შეფასება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რომ დაუშვებელია პრემიების გაუფასურება და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ დღევანდელი სახით ფუნქციონირების გაგრძელება (უმოქმედობით საბოლოოდ რომ არ დასამარდეს), მანამდე არაფერი შეიცვლება და ისევ ილია ჭავჭავაძის სახელის უპატივცემულობას მიაწერენ შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები რეპუტაციადაკარგული საზოგადოებისადმი გაჩენილ პროტესტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები