გაზის ფასი

გოცირიძე: გაზზე ფასის გაძვირება, რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციამ გამოიწვია

თეორემა/ტაბულა

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ იურიდიული პირებისთვის ბუნებრივ აირზე ფასის გაძვირება ლარის დევალვაციამ გამოიწვია. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ბუნებრივ აირზე ფასის გაძვირების აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციამ გამოიწვია. ეს არის ელემენტარული ეკონომიკური პოსტულატი. გაუფასურების ხარისხი დაახლოებით ამ დონის ფასის ზრდას იწვევს სხვა თანაბარ პირობებში. თანაც ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც არის დოლარიზებული ეკონომიკის მქონე; რომელიც დიდწილად დამოკიდებულია იმპორტზე; რომლის საკრედიტო დაბანდებების უდიდესი ნაწილი არის დოლარებში, დაახლოებით 57-60% და რომლის ანაბრებიც როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული ანაბრებიც უცხოურ ვალუტაშია გათავსებული. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველივე დევალვაციის შემთხვევაში საიმპორტო საქონელზე ეს აისახება. ზოგჯერ ადრე, ზოგჯერ უფრო გვიან", - თქვა გოცირიძემ.

გოცირიძე ამბობს, რომ გაზი არის ისეთი საქონელი, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა ვალუტის გაუფასურების პირობებში.

"როდესაც ვამბობთ, რომ დევალვაცია აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვადასხვა საქონელზე. გადაცემა ხდება სხვადასხვანაირად. დევალვაცია არ მოახდენს გავლენას ჯერჯერობით იმ პროდუქციაზე, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ვინაიდან ევროს კურსი ძალიან გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და ლარის და ევროს კურსი, ფაქტობრივად, თანაბარია. შეიძლება, ვთქვათ, რომ ევრო ცოტათი მეტით გაუფასურდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ლარი ხანმოკლე პერიოდში დოლართან მიმართებაში. ასე რომ, ევროკავშირიდან შემოტანილი იმპორტული საქონელი ჯერ არ გაძვირდება. იგივე, როგორიცაა მედიკამენტები - უკვე დაიწყო გაძვირება, მაგრამ არა მთლიანად, რაღაც სეგმენტი გაძვირდა. ვალუტის სხვადასხვა სახეობაც განაპირობებს ამა თუ იმ სეგმენტში დევალვაციის ხარისხს.

გაზი არის სპეციფიკური საქონელი, რომლის კონტრაქტები არის ხანგრძლივი. პროდუქციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას არ აქვს დიდი ლუფტი მოგებისა, მას არ აქვს მანევრირების საშუალება - მაგალითად, მთავრობამ განაცხადა, რომ ჩვენ ვთხოვთ გაზის დისტრიბუტორებს, რომ რაღაც პერიოდით გადაავადონ ფასის გაძვირება", - თქვა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ყაზტრანსგაზ თბილისი იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს 15 თეთრით აძვირებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ფასის ზრდა ლარის გაუფასურებით არის გამოწვეული, რადგან კომპანია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარისგან დოლარში ყიდულობს.

კომენტარები