მაუწყებლობის შესახებ კანონი

გვარამია: კანონში ცვლილებები რუსთავი 2-ის და მედიის წინააღმდეგაა მიმართული

თეორემა/ტაბულა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ისინი რუსთავი 2-სა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული. 

გვარამიას თქმით, ევროდირექტივით რეკლამისთვის საათში გათვალისწინებული ნამდვილად 12 წუთია, თუმცა, ასოცირების ხელშეკრულებაში ეს მუხლი გამონაკლისია და 5-წლიანი ვადა აქვს, მაშინ, როცა ხელშეკრულებას იმპლემენტაციისთვის 3 წელი აქვს. 

"ევროდირექტივით გათვალისწინებული ნამდვილად 12 წუთია. ევროდირექტივის ამ მუხლზე ჩვენ და ევროკავშირმა, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, დავთქვით, რომ ამ მუხლზე სპეციფირებულია 5-წლიანი ვადა, მთლიანად ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე 3-წლიანი ვადაა. ეს კანონმდებელმა შეგნებულად გააკეთა, რომ პრობლემების წინაშე არ ვყოფილიყავით.

მეორეა ანონსების რეგულირება. ევროდირექტივა არ იცნობს ანონსებთან დაკავშირებით არც შინაარსობრივ რეგულაციებს, რაც იყო აქამდე კანონპროექტში და საერთოდ კატასტროფა იყო და ეს, საბედნიეროდ, ამოვიდა და არც დროის თვალსაზრისით ლიმიტირებას, რაც ახლაც ჩარჩენილია", - თქვა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები ტელეკომპანიას 5-მილიონიან დეფიციტს უქმნის.

"ანონსებზე 4 წუთიან ლიმიტს აწესებენ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იწვევს ჩვენი ხარჯების ამ კანონით წარმოქმნილი დეფიციტის 70%-ს. ჩვენს დღევანდელ პრაქტიკას თუ შევხედავთ, ძალიან მოქნილ ანონსების ინსტიტუტს ეს ამესამედებს. ჩვენ გვაქვს 9-10 წუთი ანონსები ეთერში. სპონსორობის ანონსებს და გადაცემის ანონსებსაც ვგულისხმობ. ამას საერთოდ რატომ ეხება ქართველი კანონმდებელი, გაუგებარია. ეს არ არის ევროდირექტივის მოთხოვნა. ანუ ერთ შემთხვევაში ხდება ასოცირების შეთანხმების დათქმული ვადების დარღვევა, მეორე შემთხვევაში ხდება შემოტანა საერთოდ უცხო ელემენტის ევროდირექტივისთვის. ორი რამ ერთად გვაძლევს რუსთავი 2-ის შემთხვევაში 5 მილიონი ლარის დეფიციტს. ეს ბიუჯეტი არ არის რეზინის, ხარჯების შემცირება მოგვიწევს. იმიტომ, რომ სხვა შემოსავალი, რომლითაც ამას დავაკომპენსირებდით, უბრალოდ, არ გვაქვს.

რასაც აკეთებენ, გაუგონარია. შუა წელს ხდება ახალი კომერციული პირობების გაჩენა, ჩვენ არაერთხელ ვუთხარით კანონმდებელს, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ უკვე დაკონტრაქტებული გვაქვს სარეკლამო მომსახურება და ეს ფორსმაჟორი შუა წელიწადში არის, უბრალოდ, კატასტროფა.

იმაზე, თუ რატომ ჩქარობენ, უმრავლესობამ თავად გასცა მგონი პასუხი. რიტორიკის მთავარი ნაწილი იყო რუსთავი 2. გოგი თოფაძემ თქვა, რომ "რუსთავი 2 არის ტელევიზია, რომელიც ყველაფერს აუკუღმართებს ქვეყანაში და რატომ არის გასაკვირი, რომ ისეთ კანონს მივიღებდით, რომელიც მას შემოსავლებს მოაკლებდა." იგივე თქვა ბატონმა ტყემალაძემ და ქანთარიამ", - თქვა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, თუ კანონი მიიღეს, პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს. ხოლო შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს.

"მთელი ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც უარს ამბობს. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობაშიც იქნებიან ადამიანები, ვინც ამას არ დაუჭერს მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, ვინც ამ წითელ ხაზს გადაკვეთავს და მედიის თავისუფლების შეზღუდვას დაუჭერს მხარს. კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება. ჩვენ ვერ ვიმეგობრებთ იმ ადამიანებთან, ვინც გვმტრობს. ზედაპირზე მყოფია ის გარემოება, რომ რუსთავი 2-ის და მედიის წინააღმდეგაა მიმართული. ველოდები პრეზიდენტის ვეტოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მივმართავთ", - თქვა გვარამიამ.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით 63 ხმით 30-ის წინააღმდეგ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც სატელევიზიო რეკლამის განთავსების ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებით, მაუწყებელს შეუძლია, საათში მხოლოდ 20% - 12 წუთი დაუთმოს რეკლამას. 

დღეს მოქმედი წესებით, მაუწყებელს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიებს დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% შეუძლია, გამოიყენოს რეკლამისთვის და ეს დრო სურვილის მიხედვით გადაანაწილოს. ამ წესის შენარჩუნებას, საათობრივი ლიმიტის შემოღებასთან ერთად, ითვალისწინებდა კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორობით მოამზადა და რომლის პირველადი ვარიანტის მიმართ ტელეკომპანიებმა არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს.

საპარლამენტო განხილვისას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ თქვა, რომ ტელეკომპანიების შენიშვნების უმეტესობასთან ერთად, გაითვალისწინეს მოთხოვნა მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით დაწესებული 20%-იანი შეზღუდვის გაუქმების შესახებ.

ტყემალაძის განცხადებით, კანონპროექტიდან ასევე ამოიღეს ნორმა, რომელიც სატელევიზიო პროგრამების ანონსებში სპონსორებზე მითითებას კრძალავდა - ამგვარი მითითებისთვის საათში 4 წუთიანი ლიმიტი წესდება; ტელეკომპანიის სხვა შენიშვნებთან ერთად, ტყემალაძის თქმით, გათვალისწინებულია იმ წესის ორი წლით შენარჩუნება, რომლის მიხედვითაც ახალი ამბების რეკლამით შეწყვეტა შეიძლება 15 წუთში ერთხელ - ეს ლიმიტი 30 წუთამდე 2017 წლის 15 იანვრიდან გაიზრდება.

ტყემალაძემ ასევე განაცხადა, რომ იმ შენიშვნებიდან, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ჰქონდა, ერთადერთი მხოლოდ ის შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული, რომელიც საათში 20%-იანი სარეკლამო ლიმიტის ამოქმედების 2016 წლისთვის გადავადებას ეხებოდა. მისი თქმით, ეს რეგულაცია 2015 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში. მან ახალი რეგულაციების მიღების მიზეზად ევროდირექტივებთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა დაასახელა.

მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში დებატების ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ცვლილებების ამოქმედების თარიღი იყო.

"ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი ამბობდა, რომ ახალი კანონის ამოქმედების ვალდებულება 5 წლის განმავლობაში არსებობს და იკითხა, რატომ არის აუცილებელი მისი 2017 წელს ამოქმედება. ტყემალაძემ მას უპასუხა, რომ საკითხზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო და დღეს ის პარლამენტს დასასრულისკენ მიჰყავს. 

კომენტარები