უკრაინის კრიზისი

პუტინი–მერკელი–ოლანდის მოლაპარაკება საჯარო კომენტარების გარეშე დასრულდა

MAXIM ZMEYEV / Reuters

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება დასრულდა. შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმას განიხილავდნენ. ლიდერებს პრესისთვის კომენტარი არც შესვენებების დროს და არც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაუკეთებიათ. ოლანდი და მერკელი აეროპორტში გაემგზავრნენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეხვედრას შინაარსიანი და კონსტრუქციული უწოდა. მისი განცხადებით, „საფრანგეთის პრეზიენტისა და გერმანიის კანცლერის წინადადებებიდან გამომდინარე, ამჟამამად მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა შესაძლო ერთობლივი დოკუმენტის ტექსტის მოსამზადებლად მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს წინადადებებს, რომელიც დღეს რუსეთის პრეზიდენტმა წამოაყენა".

პესკოვის განმარტებით, შემუშავებულ ტექსტს განსახილველად „კონფლიქტის ყველა მხარეს" წარუდგენენ. მოლაპარაკების საბოლოო შედეგს კი მხარეები, უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით, კვირას, 9 თებერვალს, სატელეფონო საუბრის მეშვეობით შეაჯამებენ.

5 თებერვალს მერკელი და ოლანდი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ და სამშვიდობო წინადადებები განიხილეს. ახალი გეგმის დეტალების ჯერჯერობით ოფიციალურად არ ხმაურდება.

კომენტარები