რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

ოლანდი: მშვიდობიანი შეთანხმება თუ არ შედგება, სცენარი ომით განვითარდება

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მშვიდობიანი ინიციატივა, რომელიც მან და ანგელა მერკელმა შეიმუშავეს, სავარაუდოდ, ბოლო შანსია უკრაინაში ომის მშვიდობიანად დასრულებისთვის.

"ჩვენ ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი უკანასკნელი შანსია და ჩვენ ინიციატივა სწორედ ამიტომ ვითავეთ“,- განაცხადა ოლანდმა.

ოლანდის თქმით, თუ გრძელვადიანი მშვიდობიანი შეთანხმება არ შედგება, ომი გარდაუვალია.

"თუ უკრაინაში ჩვენ ვერ მივალთ არა უბრალოდ კომპრომისამდე, არამედ გრძელვადიან მშვიდობიან შეთანხმებამდე, მაშინ ყველამ კარგად ვიცით, რა სცენარიც განვითარდება. მას სახელი აქვს და ომი ჰქვია“ - განაცხადა ოლანდმა.

მერკელმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება.

გერმანიის კანცლერი გუშინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის.

"თუმცა, ჩემი აზრით და საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, მცდელობა ღირს. ეს ჩვენი მოვალეობაა უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების წინაშე",- განაცხადა მერკელმა. 

მერკელმა კონფერენციაზე მოუწოდა ხალხს, რომ ფოკუსირება კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე მოახდინონ.

"გასაგებია დებატები უკრაინის იარაღით მომარაგებაზე, მაგრამ მე მჯერა რომ მეტი იარაღი უკრაინას საჭირო პროგრესისაკენ არ წაიყვანს. მე ძალიან ვეჭვობ ამას“ - განაცხადა მერკელმა.

გუშინ, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება დასრულდა. შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმას განიხილავდნენ. 

კომენტარები