აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ღარიბაშვილი: აშშ ნათლად ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ ბოლო წლებში

ტაბულა

ამერიკა ნათლად ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ ბოლო წლებში - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა მიუნხენში, 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებს.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, რეგიონული უსაფრთხოების თემები. ამერიკული მხარე ხედავს საქართველოში იმ პროგრესს, რასაც მივაღწიეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა პრობლემები ისევ რჩება ქვეყანაში, როგორიც არის ეკონომიკური გამოწვევები თუ სხვა, მაგრამ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დავძლიოთ პრობლემები. ამაში კი ჩვენ გვაქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი,”-განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, სწორი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ და რომ საჭიროა რეფორმების ბოლომდე მიყვანა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აშშ რჩება საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორად და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ თემას-უკრაინის კრიზისსაც შეეხო. მისი განმარტებით, ფორუმზე საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ შეთანხმდა იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„უკრაინის კრიზისი და ამის შედეგად განვითარებული მოვლენები, რომლებიც ვითარდება. მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, მათი არჩევანის მიმართ, მათი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ერთადერთი ნათლად გამოჩნდა, რომ მოლაპარაკებებს ჯერ-ჯერობით არ მოყვა რაიმე შედეგი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრას და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ დიპლომატიური გზით ამ პრობლემის გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები