აფრასიძეების საქმე

შოთაძე ბარამიძის დაკითხვაზე: რაც არის ჩასატარებელი, ყველაფერი ჩატარდება

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

გადაცემა იმედის კვირაში სტუმრობისას, გადაცემის ავტორმა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს ჰკითხა, შესაძლებელი არის თუ არა აფრასიძეების საქმეზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე დაკითხონ. შოთაძემ პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ვინც დასაკითხია, დაიკითხება.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აფრასიძეების საქმეზე პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, იმიტომ, რომ ამ საქმეშიც არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომლებზეც პასუხი არის გასაცემი. არსებობს საგამოძიებო გეგმა, რომელსაც ჩვენ მივუყვებით, რათა დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება, უბრალოდ მე თავს შევიკავებ წინასწარ ამ გეგმის გასაჯაროებისგან, იმიტომ, რომ ამან შესაძლოა გამოძიების ინტერესები დააზიანოს.

თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აქამდეც არ მოვრიდებივართ და არც არასდროს მოვერიდებით, საქმეზე რაც გასაკეთებელია, ვინც დასაკითხია, რაც არის ჩასატარებელი, ყველაფერი აუცილებლად ჩატარდება" - განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები