ზურაბ ჟვანიას საქმე

რუსთავი 2: FBI-ის დასკვნაში წერია, რომ ჟვანია გაზით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

electionsmeter.com

ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნაში, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა, წერია, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალება ნაშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციამ გამოიწვია. ტელეკომპანიის ცნობით, FBI-ის დასკვნის მცირე ნაწილი მათ კონფიდენციალურმა წყარომ გადასცა. როგორც გადაცემა პოსტსკრიპტუმში გახდა ცნობილი, დასკვნა ორი ნაწილისგან შედგება - 1. რამ განაპირობა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის სიკვდილი. 2. რა ხდებოდა საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, როცა ექსპერტები შევიდნენ.

FBI-ის დასკვნის მიხედვით, რომელიც რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა, ბინაში, რამდენიმე ნივთზე ჟვანიას და უსუპოვის დნმ-ის კვალია აღმოჩენილი, კერძოდ, ჭიქასა და სიგარეტის ნამწვზე. მიხეილ ძაძამიას ადვოკატის გელა ქენქაძის თქმით, ასეთი ანაბეჭდები უამრავია ნაპოვნი. თუმცა, პროკურატურა ამ ფაქტს მალავს და საქმის მასალებში არ დებს.

რუსთავი 2 FBI-ის დასკვნიდან ბინაში გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს. ფოტო გარდაცვალებიდან რამდენიმე საათშია გადაღებული და მასზე სამზარეულოს ნიჟარა და პირღებინების კვალი ჩანს. ადვოკატების ინფორმაციით, დასკვნაში დეტალურად არის განმარტებული, რატომ გახდა ცუდად უსუპოვი, თუმცა, პროკურატურამ საქმიდან აღნიშნული დოკუმენტებიც გააქრო.

კობა ხარშილაძის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, FBI-ის დასკვნა აჩვენებს, რომ პირღებინება ანუ ის სიმპტომი, რაც გაზის მოწამვლას ახასიათებს, ბინაში მყოფ პირებსაც გამოუვლინდათ, თუმცა პროკურატურა ისე იქცევა, თითქოს ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა არც არსებობდეს.

"თუ პროკურატურის ვერსია რეალურია, FBI-ის დასკვნას რატომ ჩქმალავენ?" - კითხულობს ადვოკატი.

ამერიკის ფედერალური ბიუროს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული დასკვნის მიხედვით, "გაზის გამათბობებელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან. ბინა იყო ჰერმეტულად დახშული ანუ პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარეატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა ვერ ხერხდებოდა. ტესტირების ჩატარებისას და ქართული მხარის წინასწარი მოკვლევის შედეგების ანალიზისას არაფერი აღმოჩენილა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება იმ დასკვნას, რომ ბატონები ჟვანია და უსუპოვი გარდაიცვალნენ ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციის შედეგად".

კომენტარები