იური ვაზაგაშვილის საქმე

უსუფაშვილი: ეროვნული სირცხვილია, როცა პოლიციის თანამშრომელი სჩადის დანაშაულს

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ეროვნული სირცხვილია, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ასეთ "საზარელ დანაშაულს" ახორციელებს.

"ბოლო კვირების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მთავარი თემა, რომელზეც მოქალაქეები, ხელისუფლება, ყველა განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვართ შოკირებული და შეძრული, ეს იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც თავისი ფორმით და განხორციელების გზებით იყო არა მხოლოდ დანაშაული, არამედ არაადამიანურობის მწვერვალი. როგორც გუშინ პროკურატურიდან ჩვენ გვამცნეს, დაკავებულია პიროვნება, რომელიც ბრალდებულია ამ დანაშაულის ჩადენაში. თუ ეს დადასტურდება სასამართლოს მიერაც, ეს ერთის მხრივ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნა და ამის გამო, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც იღვაწა და გააგრძელებენ შრომას, დიდი მადლობა ეკუთვნით. მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ეროვნული სირცხვილი. როდესაც პოლიციის თანამშრომელი ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს ადამიანის უფლებებს, გეგმავს და ახორციელებს ასეთ საზარელ დანაშაულს", - თქვა უსუფაშვილმა.

გია სოსანაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. "საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია. კერძოდ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. 

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც, როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით“, -ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები