იური ვაზაგაშვილის საქმე

ჭაია: ფირცხალავას დაკავშირება იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან გამორიცხულია

ტაბულა

„ირაკლი ფირცხალავას ან სამართალდამცავთა დაცვის ლიგის რომელიმე სხვა წევრის დაკავშირება იური ვაზაგაშვილის აღმაშფოთებელ და ტრაგიკულ მკვლელობასთან არის გამორიცხული“, - აღნიშნა სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წევრმა ზაზა ჭაიამ.

ჭაიასვე თქმით, პოლიციის ყოფილი და მოქმედი ოფიცრების წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს. მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილება, მათი ოჯახის წევრებს კი უკანონოდ უსმენენ, უთვალთვალებენ და დევნიან.

ჭაია ამბობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე თერთმეტი ოფიცრის დაკავების მოტივი პოლიტიკურია და რომ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, ისინი დღეს ციხეში არ ისხდებოდნენ.

„ბატონი ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკოსებმა საკმაოდ მოითბეს ხელი, ხოლო ბატონი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილი უარყოფითი მუხტის გადასაფარავად სახელმწიფომ პოლიტიკოსების დაკავება გადაწყვიტა. მივიღეთ 11 პოლიტპატიმარი, გამოგონილი მოტივით, გამოგონილი კვალიფიკაციით, დაპატიმრებული პოლიტიკური ნებით. მხოლოდ 20 იანვრის შემდეგ დაიწყეს პოლიციაში იმ ჩვენებების მიღება, რაც საფუძვლად დაედო 11 ოფიცრის, მათ შორის 7 სპეცდანიშნულების რაზმის წევრის პოლიტიკურ პატიმრად ქცევას. რომ არა ეს მკვლელობა, არცერთი ეს პოლიციელი დღეს ციხეში არ იჯდებოდა“, - თქვა ჭაიამ.

კომენტარები