საქართველოს პარლამენტი

ბესელია: ჩვენი კომიტეტი ყველა სამინისტროს ანგარიშს მოისმენს

"პარლამენტის 2014 წლის დადგენილებით ჩვენს კომიტეტს დაევალა იმ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი, რომელიც მიეცა მთავრობის ცალკეულ სამინისტროებს და 1-ლ მარტამდე განისაზღვრა ვადა", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ საკითხზე მუშაობას მიმდინარე კვირაში იწყებს.

"დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მოვისმენთ ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ წარმოდგენილ ანგარიშს - როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მათ გასულ წელს მივეცით. ამავე დროს, კომიტეტი დღეს გეგმავს ორი სამუშაო ჯგუფის შექმნას. ერთი, რომელიც იმუშავებს წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებულ ჩვენს კომიტეტში დღემდე შემოსული ყველა განცხადების სისტემატიზაციასა და სამართლებრივ შეფასებაზე და მეორე - საკუთრების ხელყოფის უკანონო ფაქტებზე. ორივე სამუშაო ჯგუფის საბოლოო შედეგები მიეწოდება მთავარი პროკურატურის იმ სპეციალურ დეპარტამენტს, რომელიც ახლახან შეიქმნა", - განაცხადა ეკა ბესელიამ და განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფი პარლამენტის რეგლამენტით იქმნება და მასში შედიან კომიტეტის წევრები, დეპუტატები და მოწვეული სპეციალისტები. ჯგუფს ორგანიზებას უწევს კომიტეტის აპარატი.

"ჩვენი მიზანია, 20 ათასზე მეტი შემოსული განაცხადი, რომელთა უმეტესობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება, ერთიანად მოვიყვანოთ სისტემაში, შევაფასოთ სამართლებრივად, მოხდეს ზიანის ანაზღაურების შეფასება და შემდეგ რეაგირებისთვის გადავცეთ სპეციალურ დეპარტამენტს", - თქვა ბესელიამ.

კომენტარები