უკრაინის კრიზისი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 10 თებერვალი

facebook.com/ato.news

პრორუსმა ტერორისტებმა ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, რომელშიც ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი მდებარეობს. თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქი ტორნადოს ტიპის რუსული დანადგარიდან დაიბომბა. თუმცა, მოგვიანებით გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ქალაქის წინააღმდეგ სმერჩის ტიპის დანადგარი გამოიყენეს. დონეცკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის მონაცემებით, დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, 26 დაშავდა. ქალაქში დიდი რაოდენობით აუფეთქებელი ჭურვები დარჩა.

მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლები დებალცევო-არტემოვსკის ტრასის დებლოკირების მიზნით. გუშინ სეპარატისტებმა სოფელი ლოგვინოვო დაიკავეს, რომელიც დებალცევოსა და არტემოვსკის შემაერთებელ მთავარ გზაზე მდებარეობს. სეპარატისტების მტკიცებით, ამით მათ ფაქტობრივად ქალაქ დებალცევოს ალყაში მოქცევა დაასრულეს.

ასევე, სეპარატისტების მტკიცებით, მათ დებალცევოს ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ნოვოგროგოროვკა და აღმოსავლეთით მდებარე კამენკას ნაწილი დაიკავეს. მათი მონაცემებით, დებალცევოში 6-დან 8 ათასამდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება.

დღისით ურკაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სამხედროები სეპარატისტების წინააღმდეგ კონტრშეტევას ახორციელებენ და დებალცევოსა და არტემოვსკის შემაერთებელი გზა გახსნეს.

მოგვიანებით უმაღლესი რადას დეპუტატმა, ბატალიონ დონბასის ყოფილმა მეთაურმა სემენ სემენჩენკომ უერყო ცნობები გზის დებლოკირების შესახებ და აღნიშნა, რომ დებალცევოს ზურგთან დამაკავშირებელი ორივე გზა - ლოგვინოვოსა და ნიჟნელოზოვოეს გავლით, ისევ ბლოკირებულია და მიმდინარეობს ბრძოლები მათ გასათავისუფლებლად.

თუმცა, ვითარება ართულებს ის, რომ უკრაინულ ძალებს დებალცევოს პლაცდარმის გასაძლიერებლად ძალების შეყვანა ქალაქ სვეტლოდარსკთან ვიწრო, 2 კილომეტრამდე სიგანის „ყელის"გავლით უწევთ, რომელიც მოწინააღმდეგის არტილერიის მიერ იბომბება.

დღეს დილიდან უკრაინულმა ძალებმა მარიუპოლთან შეტევა წამოიწყეს. ოპერაციას ბატალიონ აზოვი ახორციელებს, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელიც ოპერაციას კოორდინაცია ადგილზე უწევს, დაადასტურა, რომ აზოვმა მარიუპოლის აღმოსავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის პავლოპოლი, კომინტერნოვო, ლებედინსკოე, ბერდიანსკოე და შიროკინო გაათავისუფლეს.კიევი აცხადებს, რომ შეტევის მიზანი მარიუპოლის დაბომბვებისგან დაცვა და მინსკის შეთანხმებით განსაზღვრული გამყოფი ხაზის აღდგენაა. 

უკრაინული ძალების შეტევა სეპარატისტების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, თუმცა, მათი მტკიცებით, "დონცეკსი რესპუბლიკის" ძალებს საკუთარი პოზიციები არ დაუტოვებიათ.

კომენტარები