ზურაბ ჟვანიას საქმე

FBI: ჟვანიას და უსუპოვის დნმ-ის კვალი მრავალ ნივთზე, ხალათსა და ზეწარზეცაა

electionsmeter.com

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში, რომელიც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა, მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. „მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც“.

ეს ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გასაჯაროვდა. რუსთავი 2-ს  კონფიდენციალურმა წყარომ FBI-ის დასკვნის დღემდე უცნობი ნაწილი მიაწოდა. დასკვნებში, რომლებიც 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება, დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დასკვნაში წერია, რომ ბინაში გაზის გამათბობელი  არასწორად იყო  დამონტაჟებული. კერძოდ, მას არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც აირს გამათბობლიდან გარეთ გაიტანდა. დასკვნის მიხედვით, სწორედ ამან გამოიწვია ჰაერის ცუდი ხარისხი ბინაში. ოთახი ჰერმეტულად იყო დახშული და ტესტირების დროს იქ გარედან ჰაერი არ შედიოდა.

”2005 წლის თებერვალში საქართველოს პრემიერმინისტრი და ვიცე-გუბერნატორი იპოვნეს გარდაცვლილები ნახშირბადის მონოქსიდით მოწავლის აშკარა ნიშნებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პირის სიკვდილი უბედურმა შემთხვევვამ გამოიწვია, მყისიერად დაიწყო საჯარო სპეკულაციები შესაძლო პოლიტიკურ მკვლელობასთან, ბინძურ თამაშთან და გარდაცვალების უცნაურ გარემოებებთან დაკავშირებით. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს დახმარება. გარდაცვლილების მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, FBI-ის გამოძიებაში ჩართვამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მაღალი სენსიტიურობის მქონე საკითხად ჩაითვალა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ გამოძიებაში FBI ჩაერთვებოდა, რაც მედიამ და საერთაშრისო საზოგადოებამ შეაფასეს როგორც უკიდურესად პოზიტიური ნაბიჯი. ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ შემთხვევის ადგილზე საშიშ ნივთიერებებზე რეაგირების ჯგუფი ჩავიდა დიდი რაოდენობის უახლესი სამეცნიერო აღჭურვილობით და მეცნიერთა ფართო შემადნელობით. ამ ჯგუფმა მოახდინა ინციდენტის გარემოებათა რეკონსტრუქცია და ჩაატარა ოთხსაათიანი ტესტი, რომლის დროსაც გაიზომა ბინაში ჰაერის ხარისხი, ცხედრების აღმოჩენის მომენტთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. ტესტირების და არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად ჯგუფს არაფერი აღმოუჩენია ისეთი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების წინასწარ დასკვნასთან, რომ პრემიერმინისტრი და ვიცე-გუბერნატორი გარდაიცვალნენ ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად, რაც გამოიწვია გაუმართავმა გამათბობელმა,”  -  ნათქვამია რუსთავი 2-ზე დაყრდნობით, FBI-ის საბოლოო დასკვნის დღემდე გასაიდუმლოებულ ნაწილში.

კომენტარები