კრწანისის ყოფილი გამგებლის მოადგილის დაკითხვა

ჯაფარიძე ფარულავას დაკითხვაზე: დაიწყეს მორიგი შეტევა პარტიულ სტრუქტურაზე

tabula.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე კრწანისის ყოფილი გამგებლის მოადგილის რომეო ფარულავას დაკითხვაზე დაბარებას
პარტიულ სტრუქტურაზე მორიგ შეტევას უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. 
 
"დაიწყეს მორიგი შეტევა პარტიულ სტრუქტურაზე. ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიას - ნაციონალურ მოძრაობას. ფიქრობენ, რომ ამით ჩვენ დაგვასუსტებენ ან შეგვაშინებენ. ორი წლის განმავლობაში ვერ დარწმუნდნენ, რომ ასე ჩვენ არ დავსუსტდებით და პირიქით გავძლიერდებით. ეს არის და ეს. ცხადია, ამით ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება მთავარი პრობლემიდან, რომელიც ქვეყანაშია. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
 

ცნობისთვის, კრწანისის ყოფილი გამგებლის მოადგილე რომეო ფარულავა გუშინ დაკითხეს. ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დღესაც არის დაბარებული. ფარულავა მოწმის სტატუსით დაკითხეს. მისი თქმით, კითხვები თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი დასკვნის პროექტზე დაუსვეს, ასევე კრწანისის გამგეობაში მისი საქმიანობის პერიოდზე.

"გამოძიება დაწყებულია სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ გადმოგზავნილი პროექტის საფუძველზე, ასე ვთქვათ, იყო საუბარი გამგეობის სტრუქტურაზე, გამგეობაში ვის როგორ ჰქონდა განაწილებული ფუნქციები, რადგანაც ეს ჩემს საკურატოროს ეხებოდა. ჩვეულებრივი პოლიტიკური თემაა", - განაცხადა დაკითხვის შემდეგ რუსთავი 2-თან საუბარისას რომეო ფარულავამ.

კომენტარები