სოჭი 2014

რუსი ოლიგარქები სოჭის აქტივებს ყიდიან

Dmitry Lovetsky / AP

ერთი წლის წინ სოჭში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები იყვნენ შეკრებილნი, გასული წლის 12 თებერვალს ერთმანეთს შვედეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ჰოკეის ნაკრებები ხვდებოდნენ. დღეს კი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიადის ინფრასტრუქტურა ცარიელია. სოჭში ოლიმპიადის ჩატარება 51 მილიარდი დოლარი დაჯდა. CNBC-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტი სრული კრახით დასრულდა. 

სოჭში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის რუსმა ოლიგარქებმა $10 მილიარდზე მეტი გაიღეს. თითქმის ყველა პროექტი ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, დაგეგმილი $40 მილიონის ნაცვლად, ბიუჯეტის რამდენჯერმე გადაჭარბებით $300 მილიონი დაჯდა. რუსი ბიზნესმენები ამბობენ, რომ სოჭში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება მთავრობის მოთხოვნა იყო. რუსეთში შექმნილი ფინანსური ვითარების გამო ოლიგარქები წაგებიანი აქტივების სწრაფად გაყიდვას ცდილობენ.

რუსმა ოლიგარქმა ვიქტორ ვეკელსბერგმა $450 მილიონით სოჭში სასტუმროების მშენებლობა დააფინანსა, მაგრამ ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირების გამო, სავარაუდოდ, მისი სასტუმროები წაგებიან ინვესტიციად იქცა.

Sberbank-მა სოჭის სათხილამურო კომპლექსი $1,7 მილიარდის მოცულობის სესხით დააფინანსა, თუმცა კურორტის ღირებულება ბიუჯეტის გადაჭარბების გამო $2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სათხილამურო კომპლექსი Sberbank-ისთვის დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე წაგებიან აქტივად სახელდება. 

ოლიმპიადის ინფრასტურქტურის შექმნა სახელმწიფოებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, ხშირად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესისთვის წამგებიან აქტივებად იქცევა, რადგანაც ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს ასეთ მსხვილ სპორტულ ნაგებობებზე მოთხოვნა და მათი კომერციულად მოგებიანი ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება. სოჭის ოლიმპიადასთან ერთად ამის ნათელი მაგალითი ათენის ოლიმპიადაა, დღეისათვის ათენის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად უკაცრიელია. 

კომენტარები