უკრაინის კრიზისი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 12 თებერვალი

facebook.com/ato.news

მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში ქალაქ დებალცევოსთან და მარიუპოლთან გრძელდება. უკრაინის გენერალურ შტაბის წარმომადგენლის ვლადისლავ სელეზნიოვის ინფორმაციით, ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ ლოგვინოვოსთვის, რომელიც დებალცევოსა და არტემოვსკის შემაერთებელ მთავარ გზაზე მდებარეობს და რომლის დაკავების შემდეგ სეპარატისტებმა დებალცევოს სრული ალყის შესახებ განაცხადეს. სეპარატისტებისგან გზის გათავისუფლება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

მანამდე უმაღლესი რადას დეპუტატმა, ბატალიონ დონბასის ყოფილმა მეთაურმა სემენ სემენჩენკომ განაცხადა, რომ ლოგვინოვო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შტურმით აიღეს.

თუმცა, მოგვიანებთ დეპუტატმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ლოგვინოვოდან ისევ უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ კონტრშეტევა განახორციელა 7 ტანკის გამოყენებით. მისი თქმით, გააფთრებული ბრძოლა დასახლებული პუნქტის მიდამოებში გაგრძელდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს დებალცევო-არტემოსვკის დამაკავშირებელ კიდევ ერთ გზაზე, სოფელ ნიჟნი ლოზოვოესთან.

დებალცევოში განლაგებული უკრაინელი სამხედროების დებლოკირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მინსკის სამშვიდობო შეთანხმების გათვალისწინებით. ცეცხლი 15 თებერვლის 0 საათიდან უნდა შეწყდეს. მინსკში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ, მისი მონაცემებით, დებალცევოს დაჯგუფება ალყაში იმყოფება და ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად სეპარტისტი ლიდერები ამ დაჯგუფების მიერ იარაღის დაყრას ასახელებენ.

მარიუპოლის მიმართულებით ბატალიონმა აზოვმა დილიდან დაიწყო შეტევა სოფელ სახანოვკას მიმართულებით. თუმცა, როგორც ბატალიონის პრესსამსახური იუწყება, მოგვიანებით სეპარატისტებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს არტილერიისა და ტანკების გამოყენებით აზოვის მიერ დაკავებულ სოფელ შიროკინოზე. შეტევები მოგერიებულია, თუმცა დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სამხედროები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.

 

კომენტარები