შშმ პირთა უფლებები

ომბუდსმენი ბურჭულაძის კონცერტზე შშმ პირთა შესაძლო დისკრიმინაციას შეისწავლის

პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო
facebook.com/GaribashviliOfficial

სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე დასწრების მსურველ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლას იწყებს, ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის, 2015 წლის 12 თებერვალს, ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე, ვერ შეძლეს ღონისძიებაზე დასწრება, ვინაიდან არ იყო გათვალისწინებული მათი საჭიროებები – არ მოხდა პანდუსების დამონტაჟება, რომელიც სპორტის სასახლეს აქვს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იძულებულნი იყვნენ გადაადგილებულიყვნენ დაცვის თანამშრომელთა დახმარებით, რის გამოც, მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დაწესებულება", - ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორმა გუშინ სცენიდან მიმართა შშმ პირებს და ბოდიში მოუხადა. ღონისძიებას პრემიერმინისტრი, კათალიკოს-პატრიარქი, ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სპორტის სასახლეში შესვლა უპრობლემოდ შეძლეს.

კომენტარები