უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

კალანდაძე: უცხოელისთვის მიწის მიყიდვის რეგულაციები რაციონალურ აზრს მოკლებულია

ტაბულა

ეკონომისტ ლევან კალანდაძის შეფასებით, მიწის უცხოელზე გასხვისების ახალი რეგულაციებით ქართული მიწა და სოფელი ინვესტორებისთვის საინტერესო და მიმზიდველი არ გახდება. როგორც კალანდაძემ ტაბულას ეთერში გადაცემა თეორემაში თქვა, აღნიშნული რეგულაციები თავშივე ქმნის წინაპირობას, რომ სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდეს.

"თუ ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება, მაშინ ინვესტორებისთვის სოფელი და მიწა უნდა გავხადოთ საინტერესო, მიმზიდველი. ამ რეგულაციებით სოფლის მუურნეობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინვესტორებისთვის საინტერესო და მიმზიდველი არ გახდება. თუ ჩვენი მიზანია, რომ ქართველი ქალბატონები გავათხოვოთ ან ვაჟბატონები დავაქორწინოთ, მაშინ ბუნებრივია, ეს შეიძლება, ეფექტური, მაგრამ ცოტა რთული რეგულაცია იყოს... ასევე, ის, რომ განქორწინებიდან ექვს თვეში თუ არ გაყიდი მიწას, ჩამოგართმევენ, მაგონებს იმას, "სახლში პიანინო თუ გაქვთ და არ უკრავთ, მაშინ ამ პიანინოს ჩამოგართმევთო". დაახლოებით ეს ლოგიკაა", - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ "ამ რეგულაციების მიღება ყოველგვარ მიზნებს, ყოველგვარ რაციონალურ აზრს მოკლებული გადაწყვეტილებაა".

ეკონომისტის თქმით, "დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, სოფლის მეურნეობა ვაქციოთ საინტერესო და მიმზიდველ ბიზნესდარგად. ამისთვის ქვეყანამ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობაშია. მაქსიმალურად გაამარტივოს საბაჟო სამართლებრივი რეგულაციები და შეზღუდვები იმისთვის, რომ ინვესტორები შემოვიდნენ, ჩადონ ფული და და საქართველოში აწარმოონ პროდუქცია". 

ლევან კალანდაძემ სახიფათო უწოდა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ "ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენი ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს მიწის უცხოელზე გაყიდვის არა ბრმად აკრძალვას, არამედ შესაბამისი პირობების დაწესებას იმისათვის, რომ უცხოელებმა პირადი მიზნებისათვის კი არ იყიდონ ქართული მიწა, ან, უბრალოდ, უმიზნოდ იყიდონ, არამედ იყიდონ მხოლოდ მაშინ, როცა ინვესტიცია შემოაქვთ და ამით მონაწილეობენ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში". მისი თქმით, ამ პირობით საქართველოში არცერთი ინვესტორი არ შემოიხედავს.

"იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ეწერა ის, რომ მიწის ყიდვა გახდეს არა საკუთარი მოგების მიღების საფუძველი, არამედ, ქვეყნის განვითარების. უკაცრავად რა... თითოეული ადამიანის უმთავრესი მიზანია საკუთარი კეთილდღეობა. საკუთარი კეთილდღეობით და საკუთარი ბიზნესის წარმატებით იწყება ყველაფერი, მათ შორის, ქვეყნის კეთილდღეობა. თუ ბიზნესი საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არ იქნა და ჩვენ შევუქმენით მას ისეთი პირობა და მოცემულობა, რომ "შენ იზრუნე ქვეყნის განვითარებაზე", უკაცრავად რა, საქართველოში არცერთი ინვესტორი არც კი შემოიხედავს. საქართველოს სოფლის მეურნეობა იქნება ყოვლად არამიმზიდველი სფერო. რეგულაციები თავშივე ქმნის წინაპირობას, რომ ეს დარგი ვერ განვითარდეს და დავკარგოთ ის პოზიციებიც კი, რაც გვაქვს, მაგალითად, მშპ-ში 9%-მდე, ხვალ ესეც სანატრელი გახდება", - განაცხადა კალანდაძემ თეორემაში.

კომენტარები