დინამო თბილისი

თბილისის დინამომ რვა ახალწვეული წარადგინა

თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა თბილისის დინამოელებმა, 13 თებერვალს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტებს ახალწვეულები წარუდგინეს.

დინამოს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ითამაშებენ:

ლიბორ ჰრდლიჩკა - 29 წლის სლოვაკი მეკარის ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. იგი ბრატისლავის ინტერის აღზრდილია. თამაშობდა რუჟომბეროკში, ასევე ჩეხურ ბრნოში. ჰრდლიჩკა 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

რენე ფერეირა - 22 წლის ბრაზილიელი მცველი, რომელიც საფეხბურთო კლუბ ზესტაფონში გამოდიოდა. რენე დინამოში 25 ნომრით ითამაშებს.

სტეფან ბუკორა - 24 წლის სერბი ნახევარმცველი, სამშობლოში სერბეთის სუპერლიგის - დონი სრემის ღირსებას იცავდა. სერბის სათამაშო ნომერი იქნება 20.

მანუელ ონვუ  - 27 წლის ესპანელი ფორვარდი წლების მანძილზე პამპლონას ოსასუნას ღირსებას იცავდა. იგი გუნდთან ერთად ესპანეთის ელიტარულ პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში კი სეგუნდაში ასპარეზობდა. მანუელმა 9-ნომრიანი ფორმა მოირგო.

ვაჟა ტაბატაძე - 24 წლის მცველი ქუთაისის ტორპედოდან, რომელიც 5 ნომრით ითამაშებს.

ვახტანგ ჭანტურიშვილი - 21 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონიდან 77-ნომრიანი ფორმით გამოვა.

ბექა მიქელთაძე - 17 წლის თავდამსხმელი, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონიდან. საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების წევრი. მიქელთაძე 97-ნომრიან ფორმას მოირგებს.

ოთარ კიტეიშვილი - 18 წლის ნახევარმცველი, რომელიც რუსთავის მეტალურგში ასპარეზობდა. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრი. (მცირე ტრავმის გამო არ იმყოფებოდა ვარჯიშზე). კიტეიშვილი 13 ნომრით ითამაშებს.

დინამოს ვებგვერდის ცნობით, კლუბს ასევე დაუბრუნდა 22 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელიც იჯარით საჩხერის ჩიხურაში თამაშობდა. ჯიღაური 31-ნომრიან მაისურს მოირგებს.

კომენტარები