გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სამინისტროები ადასტურებენ, რომ წყალმომარაგების კომპანიაში გამოძიება დაიწყო

RFE/RL

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2013-14 წლების ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ მინისტრმა დავით შავლიაშვილმა ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"საკადრო გადაადგილებები მოხდა სამინისტროში, მათ შორის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, შეიცვალა მენეჯმენტი მთლიანად. ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ერთმანეთთან, მენეჯმენტმა მიიღო დავალება, რომ წყლის კომპანიის შესწავლა სრულად მოხდეს, ფინანსური ანალიზი მოხდეს, აგრეთვე მოითხოვეს კონტროლის პალატის შემოყვანა და სრული აუდიტის გაკეთება წყლის კომპანიაში.

ამ ფინანსური ანალიზის გარკვეული საეჭვო ვითარების, დარღვევების აღმოჩენა. 2013 წლის დაახლოებით მარტის თვიდან 2014 წლის ბოლომდე. იყო რაღაც საეჭვო გადარიცხვები, რაც წყლის კომპანიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გადმოაგზავნა სამინისტროში პირადად ჩემ სახელზე, ჩვენ შევისწავლეთ სამინისტროში ეს საკითხი, მივიჩნიეთ, რომ იყო არსებული დარღვევები და შსს-ს ანტიკორუფციულ სამსახურს გადავუგზავნეთ სრულად მასალები. ეს იყო ამა წლის 4 თებერვალს. გამოძიება მუშაობს და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა მინისტრმა.

ბრიფინგზე გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ განმარტა, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ უკვე ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დაკავებული არავინ არის.

"2014 წლის 4 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროდან შემოვიდა მასალები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით. რის საფუძველზეც, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სსსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დღეისათვის საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხული არიან მოწმეები, ამოღებულია დოკუმენტაცია, როგორც წყალმომარაგების კომპანიიდან, ისე შესაბამისი საბანკო დაწესებულებებიდან. ჩატარებულია თემატური რევიზია. გამოძიების მიმდინარე ეტაპზე, საქმეზე არცერთი პირი დაკავებული არ არის", - განაცხადა ქურდაძემ.

ბრიფინგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებების შემდეგ გაიმართა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით, დააკავეს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ფხოველიშვილი.

"თამარ ფხოველიშვილი დააკავეს იმის გამო, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან უკვალოდ არის გამქრალი ორ მილიონ ნახევარზე მეტი ლარი, სამართალდამცველები ეძებენ ამ ფულს. მე მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ამ ფულმა დიდი ალბათობით გადაინაცვლა თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების ოჯახის ჯიბეში. გარდა ქალბატონი თამარისა, ყოველდღიურ დაკითხვებზე დაჰყავთ ჯაბა შავგულაშვილი, რომელიც წყალმომარაგების კომპანიაში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსია და პარალელურად ნათელმირონობა აკავშირებს ღარიბაშვილის ოჯახთან", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები