უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

აგულაშვილი კომლში შესვლაზე: გადაფურცლეთ სამოქალაქო კოდექსი

ტაბულა

ტელეკომპანია ტაბულას კითხვას, განემარტა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებულ კანონპროექტში მოხსენებული რეგულაცია, რომ უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ კომლში წევრად შესვლის გზით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა სამოქალაქო კოდექსის გადაფურცვლისკენ მოწოდებით ეპასუხა. 

ტაბულამ აგულაშვილს ჰკითხა, რა პროცედურებს ითვალისწინებს კომლში შესვლა. „კომლის ცნებაზე გთხოვთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გადაფურცლოთ“, - განუცხადა ტაბულას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არათუ კომლში შესვლის ან მისი შექმნის პროცედურა, კომლის განმარტებაც კი არ არის მოცემული. 

გადაცემა თეორემაში სტუმრობისას იურისტმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ "არ გვაქვს არანაირი ნორმატიული მასალა, როგორ უნდა შევქმნათ კომლი. ახალი კომლის წევრის მარეგისტრირებელი ორგანო და პროცედურა არ არსებობს".

მისივე განმარტებით, დღეს კომლში ვერავის შევიყვანთ: "რა არის კომლი? ეს არის ოჯახი სოფლად. არ არის არც ფიზიკური და არც იურიდული პირი. კომლზე საუბრისას ვილაპარაკებდი უფრო წარსულში, ვიდრე აწმყოში და გაცილებით ტრაგიკულია, როცა ვლაპარაკობთ მომავალზე. საიდან მოვიდა კომლი? კომლთან დაკავშირებული კანონები ძირითადად რეგულირდებოდა სსრკ-ის დროს მიღებული სამოქალაქო კოდექსით, რომელიც 1997 წლამდე წარატებით ფუნქციონირებდა. იქ იყო მითითებული, როგორ ხდებოდა კომლში შესვლა, მისი გაყოფა და ა.შ. დღევანდელი კანონმდებლობით, ეს მთავარი კანონი გაუქმდა, მაგრამ კომლები დარჩა.

გარდამავალ პერიოდში, 2005-2006 წლამდე არსებობდა ე.წ. ზონარგაყრილი წიგნები, რომლებშიც აღირიცხებოდა კომლის წევრების შესახებ ინფორმაცია. 2006 წლის შემდეგ არსად არ გვხვდება ზონარგაყრილი წიგნები, რადგან ნორმატიული აქტით, ისინი გაუქმდა და გადაეცა არქივს. არქივს სჭირდებოდა იმისთვის, რომ საჯარო რეესტრმა განახორციელოს რეგისტრაცია. როგორც საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ახალი კომლთა სიები არ გვხვდება. ამის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს. დღეს ჩვენ კომლში ვერავის ვერ შევიყვანთ", - განაცხადა ხვიჩიამ და აღნიშნა, რომ კომლი არის მილევადი პროექტი.

კომენტარები