უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

ტყემალაძე კომლში შესვლაზე: ეს მნიშვნელოვანი არ არის

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, ტაბულას კითხვას, რას გულისხმობს ან როგორ ხდება კომლში შესვლა, რომელიც მთავრობის მიერ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასთან დაკავშირებული კანონპროექტით არის გათვალისწინებული, უპასუხა, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის. 

"მე რჩევას მოგცემდით ჟურნალისტებს, რომ კანონი უფრო კარგად გაიცნოთ ხოლმე და მარტო ერთ პუნქტზე ნუ ააგებთ კანონის მნიშვნელობას. კანონში აღნიშნულია, რომ თუ არის კომლის წევრი ან თუ არის ქორწინებაში, ამ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, რომ ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი და ეს არ არის მნიშვნელოვანი. კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზედაც მიმდინარეობს მსჯელობა.

მინდა გითხრათ, რომ დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენი, მაგალითად, აგრარული ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განგვეხილა, მაგრამ კონსულტაციები მიმდინარეობს, აქტიური კონსულტაციები როგორც სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და ვნახოთ, ჩვენ ვფიქრობთ, კიდე შეიძლება რაღაც გარკვეული ცვლილებები შევიდეს კანონპროექტში", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიმუშავეს, რაც ითვალისწინებს, რომ "უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელს წარმოეშობა ვალდებულება 6 თვის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამასთან ყოფილ მეუღლეს ან კომლის სხვა წევრებს აქვთ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები