უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

ვოლსკი: არ მაქვს ინფორმაცია, კომლში გაწევრიანება რა პრინციპებით ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, ტაბულას კითხვას, რას გულისხმობს ან როგორ ხდება კომლში შესვლა, რომელიც მთავრობის მიერ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასთან დაკავშირებული კანონპროექტით არის გათვალისწინებული, უპასუხა, რომ არ იცის რა პრინციპით ხდება.

"არ მაქვს ინფორმაცია, კომლში გაწევრიანება რა პრინციპებით ხდება. უცხოელს უნდა ჰქონდეს სრული საშუალება, მოახდინოს საქართველოში ინვესტიცია, ხოლო ქართველ გლეხს, ქართველ ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული გარანტია იმისა, რომ ერთ დილას არ გაიღვიძებს და მინდორში გაყვანილ ძროხას თუ მის საქონელს არ ექნება საშუალება, რომ გამოიკვებოს. აი, ეს არის კრიტერიუმები. დანარჩენის გაკეთება უნდა მოახერხონ იუსტიციის სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა სტრუქტურებმა", - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიმუშავეს, რაც ითვალისწინებს, რომ "უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით.

განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელს წარმოეშობა ვალდებულება 6 თვის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამასთან ყოფილ მეუღლეს ან კომლის სხვა წევრებს აქვთ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები