ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

პრემიერი: საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია რუსეთმა საფრთხედ არ უნდა აღიქვას

ტაბულა

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ს ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რეგიონში უსაფრთხოებასა და საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია რუსეთმა საფრთხედ არ უნდა აღიქვას. მისივე შეფასებით, სტაბილურობა კავკასიაში რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.  

"საქართველომ თავისი გზა აირჩია. ევროკავშირში ინტეგრაცია და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება. ჩვენი ევროპული არჩევანი არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, პირიქით. თუ საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება, მთელ კავკასიის რეგიონშიც არ იქნება სტაბილურობა. ეს რუსეთის ინტერესში არ უნდა იყოს. გასულ წელს უელსის სამიტზე NATO-სთან თანამშრომლობის არსებით პაკეტს მოვაწერეთ ხელი. ამ პაკეტის იმპლემენტაციის მიზნით ვთანამშრომლობთ NATO-ს მეზობელ ქვეყნებთან და, ჯერჯერობით, ყველაფერს წარმატებით ვახორციელებთ. საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია რუსეთმა საფრთხედ არ უნდა აღიქვას. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და, როგორც ასეთს, უნდა ჰქონდეს საგარეო პოლიტიკაში არჩევანის თავისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ NATO-ს წევრობა ერთ ღამეში არ მოხდება, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შედეგი მოიტანა ამჟამინდელი ხელისუფლების რუსეთთან დალაგების პოლიტიკამ, პრემიერმა უპასუხა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები ერთმანეთისგან გამიჯნა, ოკუპირებული ტერიტორიები კი კვლავ პრობლემად რჩება.

"რუსეთის მიმართ ჩვენი ძალიან კონსტრუქციული მოქმედებების მიუხედავად მოსკოვი სამწუხაროდ აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ თავის პოლიტიკას. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ დიალოგის ახალი ფორმატი რუსეთთან. ჩვენ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები ერთმანეთისგან გავმიჯნეთ. რუსეთმა ჩვენი პროდუქტებისთვის ბაზარი გახსნა. თუმცა პოლიტიკურ საკითხებში არაფერი შეცვლილა. ხელშეკრულება აფხაზეთთან და დაგეგმილი ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთთან ამ რეგიონების ანექსიისჯენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამ შეთანხმების თანახმად, არ არსებობს საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთს შორის, არსებობს ე.წ. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის" - განმარტა ღარიბაშვილმა.

კომენტარები