ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ალასანიას ვეუბნებოდი, თუ ძმა ხარ, ვითარება იქნებ დაალაგო-მეთქი

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და მათი გამონათქვამები ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას ემსგავსება". ამის შესახებ ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა.

"თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდი. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც მკითხეს, ჯარში ჯარისკაცები სისტემატურად იწამლებიანო. მაშინ საჯაროდ დავპირდი, პროკურატურას დავავალებ გამოძიებას-მეთქი. ამის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმე ვთქვი და ალასანიას ისე მივანიშნე, რომ პროკურატურისგან არაფერი მომითხოვია. ისევ ალასანიას ვეუბნებოდი, როგორმე მოახერხე, შენ გყავს შენი ჯგუფი და თუ ძმა ხარ, როგორც შეგიძლია, ვითარება იქნებ დაალაგო-მეთქი. ეს იყო ჩემი პოზიცია - მუდმივად თხოვნის პოზიციაში ვიყავი, რომ როგორმე კოალიცია არ დამერღვია და დამოკიდებულება შემენარჩუნებინა. სამი ტენდერიდან სამივე ჩააგდო და ისევ ძველი კომპანია დატოვა. არ ვიცი, გამოძიება რა დონეზე მიდის, მაგრამ ჩემი პრემიერობისა და ალასანიას მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროში რეალური ტენდერითა და მოწვეული კომპანიებით კვების პროდუქტებით მომარაგება არ მომხდარა და მუდმივად ისმოდა, რომ ჯარისკაცები იწამლებიან. თუმცა, მასთან სხვა პრეტენზიებიც მქონდა, მაგრამ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მაინც ყველაზე დასანანი ის არის, რომ მისი განცხადებები უსაფუძვლო და უარგუმენტოა. არც ერთი ჟურნალისტი არ სთხოვს დაკონკრეტებას, რა პირადი შუღლი მაქვს მასთან, თუმცა, ახლა აუხსნია, კონკურენციის ეშინოდაო. ეს იმდენად სასაცილოა!.. რაც შეეხება ალასანიასთან დებატებს, დიდი ხანია, ნათელაშვილი დებატებში მიწვევს, თუმცა, ყოველთვის ვაცხადებ, რომ უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ, არათანამიმდევრულ და გაკოტრებულ პოლიტიკოსს აღარ ვპასუხობ. ამ შემთხვევაში ალასანიასთან პარალელს არ ვავლებ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ისიც არგუმენტების გარეშე საუბრობს, რაზეც მის თანაგუნდელებს რეაქცია არა აქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისთვის სამწუხარო იქნება, თუ თავისუფალი დემოკრატები რეიტინგს დაკარგავს.

"ამ პარტიაში ბევრი ღირსეული ადამიანია, თავად ალასანიასაც კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მცდარი გზით წავიდნენ. სამწუხაროა, რომ ყოფილი თანაგუნდელები ლოგიკას აღარ აქცევენ მნიშვნელობას და არგუმენტებით არ საუბრობენ. წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი. ესაა ჩემთვის სამწუხარო. ბოკერიაც კარგადაა და ღმერთმა კარგად ამყოფოს, ცუდი არავისთვის მინდა. ჩემი ერთადერთი სურვილია, ნაციონალურმა მოძრაობამაც მოახერხოს და საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში კი არ ჩადგეს, განვითარებისთვის იღვაწოს. როცა ხალხი უარგუმენტოდ ილანძღება, რეაგირებას არ ვახდენ, თუ მათ რიცხვს კიდევ ორი კაცი დაემატება, ვერაფერს დამაკლებენ. ჩემთვის მხოლოდ ის არის სამწუხარო, რომ პარტიამ, რომელსაც კარგი მომავალი ჰქონდა, ისედაც ღარიბ პოლიტიკურ სპექტრში უარგუმენტო საუბრების შემდეგ, შესაძლოა საზოგადოების ნდობა დაკარგოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, "თქვენსა და ალასანიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ ხომ არ გაცივდა, რაც მან პრეზიდენტობა მოინდომა?", ივანიშვილი პასუხობს, რომ "ეს ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელიც მის არათანამიმდევრულობას უკავშირდებოდა". მისივე თქმით, პირადულს ადამიანს ყოველთვის იოლად პატიობს.

"ამაზე ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება, ნებისმიერს შეგიძლია პირადული ყველაფერი აპატიოო. კარგი მაგალითი გამახსენდა, "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით არაკანონიერ ქმედებაში წვლილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც ჰქონდა, მაგრამ განცხადება არ გამიკეთებია, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი იყო ძალიან უკმაყოფილო… საკითხი თუ პირადულს ეხება, კი ბატონო, საერთო საქმეზე კი თვალს ვერ დავხუჭავ.… რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა?

ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას?  მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ. იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ", - თქვა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები