სამომხმარებლო ბაზარი

McDonald's საქართველოს დირექტორი: შემცირდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა

Getty Images

The Financial-თან მიცემულ ინტერვიუში McDonald's საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ კაპანაძე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაზე საუბრობს. კაპანაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის გაყიდვები იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით 22%-ით გაიზარდა, მაინც შესამჩნევია მსყიდველუნარიანობის კლება, რადგანაც ახლა მომხმარებლები შედარებით იაფ პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას.

დღეისათვის McDonald's საქართველოში ექვსი ობიექტით არის წარმოდგენილი. მეშვიდე რესტორნის გახსნა წელს ზუგდიდში იგეგმება. კომპანიას ყოველდღიურად 4000 სტუმარი ჰყავს. თენგიზ კაპანაძის თქმით, ადრე მომხმარებლების ყველაზე ხშირ არჩევანს ბიგმაკი წარმოადგენდა, თუმცა დღეისათვის მომხმარებელების არჩევანი შეცვლილია და ისინი უპირატესობას უფრო იაფ პროდუქტებს ანიჭებენ, რის გამოც გაყიდვების რიცხვოვნობით ჰამბურგერმა ბიგმაკი ჩაანაცვლა. 

კაპანაძის თქმით, McDonald's-ის ქსელში უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქტები იყიდება, რაც საერთაშორისო McDonald's-ის მოთხოვნაა. დოლართან მიმართებით ლარის დევალვაცია კომპანიისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც მისი ხარჯები გაზრდილია. ამასთანავე, კომპანია პროდუქტებზე კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნებას ცდილობს. 

კომპანიას ამჟამად McDonald's-ის საერთაშორისო ოფისთან საქართველოში პროდუქტების საწარმოს შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები აქვს. კაპანაძის თქმით, ქართული წარმომადგენლობა მზად არის $25-30 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში, რომელიც რესტორნების ქსელს ხორცით და სალათის ფურცლით მოამარაგებს. 

თენგიზ კაპანაძე გაზრდილ ბიუროკრატიაზეც საუბრობს, რაც თბილისში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე McDonald's-ის ახალი რესტორნის გახსნის ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზს წარმოადგენს. კაპანიაძის თქმით, ქალაქის მერიის გუნდს გამოცდილება აკლია, რის გამოც აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით ფერხდება.

კაპანაძის თქმით, თითოეული ობიექტის გახსნა დაახლოებით $5 მილიონი ჯდება და დაახლოებით 50-100 ადამიანს ასაქმებს. ყოველწლიურად თითოეული რესტორანი 1,2 მილიონ ლარს გადასახადების სახით იხდის. კომპანია მომავალში დაახლოებით ათი რესტორნის გახსნას გეგმავს. 

კომენტარები