ალასანია: სახელმწიფომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სახელმწიფომ ნაროკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს. ამის შესახებ ალასანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი გუნდი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს. ალასანიამ ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ საზოგადოების აზრი.

"აჭარიდან მოვდივარ. იქ იყო გამოფენა, რომელიც გააკეთა ორგანიზაცია კამარამ. გამოფენილი იყო ყოფილი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანების მიერ შესრულებული ნახატები, ქანდაკებები... იქიდან გამომყვა აზრი, რომ საქართველოში სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე. მინდა, მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს და შსს-ს, რომ გაითვალისწინონ საზოგადოების დიდი ნაწილის სატკივარი.  ნარკომანიის პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება ერთადერთი გზით - სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციით და მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია იქნება ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, დაუბრუნდნენ საზოგადოებას და ოჯახებს. დადგა დრო საქართველოში, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, მოხდეს დეკრიმინალიზაცია მოხმარების. მე ლეგალიზაციის წინააღმდეგი ვარ. თავისუფალი დემოკრატები პირველი ვართ, ვინც ეს ვაღიარეთ, რომ უნდა გაკეთდეს, მაგრამ, როგორც კი ხელისუფლებაში ვიქნებით, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ" - განაცხადა ალასანიამ თეორემაში.

კომენტარები