ვიქტორია ნულანდის ვიზიტი საქართველოში

ნულანდი: უკრაინა საერთაშორისო არენაზე გამოცდილ რეფორმატორებს ეძებს

huffingtonpost.com

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო არენაზე გამოცდილ რეფორმატორებს ეძებს. მისივე თქმით, უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მოთხოვნაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხია.

"ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან ფართო საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მიიწვიეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოაყალიბა. ვფიქრობ, რომ მან იცოდა, რომ უკრაინა ეძებს ექსპერტებსა და მრჩევლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო არენაზე გამოცდილ ადამიანებს, რომლებსაც რეფორმირების საკითხებში ბევრი უმუშავიათ. ეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის, როგორც კერძო მოქალაქის პირადი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ეს უკრაინის მიმართ საქართველოს მოთხოვნაა და შესაბამისად ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხია. ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არ მსურს" - განაცხადა ნულანდმა.

ნულანდმა უკრაინელებსა და ქართველებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან მისი განმატებით, ორივე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგას.

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ისტორიაში, რადგანაც ორივე ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფით. ამიტომაც მოვუწოდებ ყველა ქართველსა და ყველა უკრაინელს მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს ამ პროცესში. თქვენ ერთმანეთი გჭირდებათ" - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

კომენტარები