კრიზისი უკრაინაში

რუსი ინტერვენტები დებალცევოში შევიდნენ

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

რუსმა ინტერვენტებმა უკრაინაში, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით, დებალცევოს შეუტიეს და ქალაქის ნაწილი დაიკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბმა დაადასტურა. რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა.

დებალცევოში ერთ-ერთი შეტაკების დროს დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი ალექსანრ ზახარჩენკო დაიჭრა, იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

უკრაინული წყაროების ცნობით, რუსმა ინტერვენტებმა დებალცევოსთვის ბრძოლაში მათ ხელში არსებული მთელი რეზერვები ჩართეს. ქალაქში ქუჩის ბრძოლები გრძელდება. სეპარატისტები აცხადებენ, რომ დებალცევოზე, რომელიც ალყაშია და გამყოფი ხაზის მიღმა იმყოფება, ცეცხლის შეწყვეტის პირობა არ ვრცელდება. ზოგიერთი უკრაინული წყაროს ცნობით, ქალაქიდან უკრაინული ძალების გაყვანა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კიევი რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის საპასუხოდ ქმედით ზომებს მიიღებს.

უნგრეთში ვიზიტით მყოფმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ დებალცევოში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის ერთადერთი გამოსავალი დანებებაა. "საწყენია, როდესაც აგებ ბრძოლას გუშინდელ მაღაროელებთან და ტრაქტორისტებთან, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და ამაზე ფიქრი არ ღირს", - განაცხადა კიევის მისამართით რუსეთის პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ "უკრაინის ხელისუფლება არ დასჯის იმ უკრაინელ ჯარისკაცებს, ვინც იარაღის დაყრას გადაწყვეტს".

რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. პოროშენკომ ბაიდენს მოუწოდა, კიევს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილოს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა მკაცრად დაგმო შეთანხმების დარღვევა სეპარატისტების მიერ. 

ამასთან, საგანგებო განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და რუსეთს მოუწოდებს, შეთანხმების პირობები შეასრულოს.

გარდა ამისა, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭომ იმსჯელა და მინსკის შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა რუსეთი სეპარატისტების მხარდაჭერასა და მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.  

ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა კი, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვაშინგტონს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები პუტინის აგრესიული პოლიტიკის ლეგიტიმიზაციაში დაადანაშაულეს.

კომენტარები