რელიგიური ჯგუფების დაფინანსება

EMC: რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება მათი კონტროლის რისკებს შეიცავს

0 კომენტარი
რელიგიური ორგანიზაციები ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) შეფასებით, მთავრობის მიერ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის პრინციპთან და რელიგიური გაერთიანებების კონტროლისა და მათ დამოუკიდებლობაში ჩარევის შემაშფოთებლად მაღალ რისკებს შეიცავს.

EMC მიიჩნევს, რომ დაფინანსების არსებული პრაქტიკა მთავრობის მიერ ფუნდამენტურად უნდა გადაისინჯოს და ის სეკულარიზმისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

"EMC-იმ შეისწავლა ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან, მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის (#117) დადგენილების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მუსლიმ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემებს სახელმწიფომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის შესაბამისი ფინანსები გადასცა.
ამ მიზნით, 2014 წელს, საქართველოს მუსლიმი თემისთვის გადარიცხული თანხა შეადგენს 1 100 000 ლარს, იუდეური თემისთვის - 150 000 ლარს, რომაულ-კათოლიკური თემისთვის 200 000 ლარს, ხოლო სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემისთვის 300 000 ლარს. მთლიანობაში კი, ეს თანხა 1 750 000 ლარს აღწევს. 2014 წლის 13 მარტის (#437) განკარგულება აღნიშნული ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 500 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2014 წელს მათზე რეალურად 2-ჯერ ნაკლები თანხა გაიცა მთლიანობაში. გაცემულ თანხებს შორის კი აშკარა დისპროპორციაა და მუსლიმი თემისთვის გაცემული თანხები რადიკალურად დიდ ოდენობას აღწევს", - ნათქვამია განცხადებაში.

EMC-ის შეფასებით, დაფინანსების არსებული პრაქტიკა რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების/კომპენსაციის მოდელს სცდება და ფაქტობრივად მათ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას წარმოადგენს, რადგან 2014 წლის 27 იანვრის დადგენილება და მისი აღსრულების პრაქტიკა არ ითვალისწინებს გონივრულ, სამართლიან და ობიექტურად გაზომვად კრიტერიუმებს, რომელსაც მთავრობა ეყრდნობა კომპენსაციის ოდენობის დადგენის დროს.

"ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან დადებული ხელშეკრულებებიდან ცალსახად ჩანს, რომ გაცემული თანხების მიზნობრიობა სახელმწიფოს მიერ ზედმიწევნით კონფესიური საქმიანობისათვის არის განკუთვნილი, რაც წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის პრინციპთან, რომელიც საბიუჯეტო სახსრების არასაერო, რელიგიური მიზნებისთვის გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.
დაფინანსების აღნიშნული პრაქტიკა, სახელმწიფოს რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათი ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. რელიგიური ორგანიზაციებისთვის წლიურად გადასაცემი თანხების ოდენობასა და პერიოდს მთლიანად სააგენტო განსაზღვრავს. ხარჯვის მიზნობრიობის თაობაზე სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, სახელმწიფო იტოვებს დაფინანსების შეწყვეტის უფლებას. დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, სააგენტო აკონტროლებს რელიგიური ორგანიზაციების ყოველდღიური საბუღალტრო-ფინანსურ საქმიანობებს და ამ მიზნით აუდიტორული შემოწმების უფლებასაც იტოვებს.
რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის ინტერესის თაობაზე ეჭვებს აძლიერებს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ მუსლიმ რელიგიურ ორგანიზაციებზე მიმართა. უკანასკნელ წლებში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემები მთავრობას სწორედ ამ თემში წარმოეშვა და მათი კონტროლის ინტერესი სახელმწიფოს დიდი ალბათობით შესაძლოა გააჩნდეს. ნიშანდობლივია, რომ მუსლიმი თემისთვის გაცემული თანხის 75% სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების ღვთისმსახურების რჩენაზე იხარჯება, რაც ფაქტობრივად აღნიშნული პირების დაქვემდებარებისა და კონტროლის პირდაპირი ფორმაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებისას, რომელიც ფაქტობრივად ასევე პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსების მოდელში თავსდება, სახელმწიფო არ ითვალისწინებს ანგარიშვალდებულებისა და ხარჯვის კონტროლის რაიმე მექანიზმს, განსხვავებით აღნიშნული ოთხი რელიგიური გაერთიანების შემთხვევისა. შესაბამისად, გაუგებარია რატომ იყენებს სახელმწიფო განსხვავებულ მიდგომას ფაქტობრივად მსგავს ურთიერთობებში მყოფი სუბიექტების მიმართ და რატომ აქვს განსხვავებული მიდგომა დომინანტი ეკლესიის მიმართ", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები