ქობულეთის შუქურა

ქობულეთის შუქურა ბრაზილიური კურიტიბასგან რამდენიმე ფეხბურთელს ინათხოვრებს

http://globoesporte.globo.com

ბრაზილიურმა და ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა, კურიტიბამ და ქობულეთის შუქურამ 2015 წლისთვის საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმეს, ამის შესახებ ინფორმაციას ერთბაშად რამდენიმე ბრაზილიური მედია საშუალება ავრცელებს.

გლობოსპორტის ცნობით, შუქურას ახლა შემადგენლობის გაძლიერება სურს, რათა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დარჩენილ ტურებში ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი ქულები დააგროვოს. რაც შეეხება კურიტიბას, კლუბს სურს ევროპისა და აზიის სატრანსფერო ბაზარზე გაიკაფოს გზა და ამას შუქურას საშუალებით ეცდება.

ქობულეთური კლუბის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე პირადად იმყოფებოდა ბრაზილიაში და თავად მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი.

შეთანხმების თანახმად, ბრაზილიელები სეზონის ბოლომდე ქობულეთში ოთხ მოთამაშეს გაანათხოვრებენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩელებაძის კავშირების წყალობით, რუსულ კლუბებში საკმაოდ ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა გააგრძელა კარიერა, მათ შორის ყველაზე წარმატებული ჯანო ანანიძის სპარტაკში ტრანსფერი გამოდგა.

ამჯამად ქობულეთის შუქურა საქართველოს ჩემპიონატში 18 ქულით მე-11 ადგილზეა.

კომენტარები