ლარის კურსი

საქართველოს მთავრობა IMF-ისგან ლარის დასტაბილურების მიზნით ფინანსებს ითხოვს

www.thehindu.com

დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკის დასტაბილურების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) დამატებით ფინანსებს მოითხოვს. მინისტრის განცხადებით, დამატებითი ფინანსები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას არ აქვს ილუზია, რომ ექსპორტის წახალისების მექანიზმები ეკონომიკას მოკლევადიან რეჟიმში გამოაცოცხლებს.

"მე განვაცხადე, რომ ექსპორტის წახალისების მექანიზმი არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვიღებთ, არის ის, რომ ორშაბათს გვაქვს სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგანაკვეთული პაკეტის მოცულობას. ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების მიზნით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია".

სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი სესხები სხვა ორგანიზაციებისგან გამოყოფილი სესხებისგან იმით განსხვავდება, რომ ის კონკრეტული პროექტის დაფინანსებასთან არ არის დაკავშირებული. მთავრობას საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია აირჩიოს ის პროექტი სადაც ამ სესხს მიმართავს. მთავრობისთვის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიბმული სესხების ათვისება პრობლემურია, რადგანაც გასული ორი წლის მანძილზე ტენდერების ჩაშლის გამო მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი გაჭიანურდა. სავალუტო ფონდის სესხი კი მთავრობისთვის უფრო მარტივი ასათვისებელია. 

ამ დროისთვის IMF საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ტემპის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის აზიმ სადიკოვის თქმით, შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაში სავალუტო ფონდი საქართველოს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზსს შეამცირებს.

გასული კვირების განმავლობაში ლარის კურსის რყევის შეჩერებით მთავარ მექანიზმად მთავრობა სწორედ ექსპორტის წახალისების პროგრამებს ასახელებდა. გასულ წელს მთავრობამ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შექმნა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიზნესებისთვის საპორცენტო განაკვეთების სუბსიდირებას ახდენს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთავრობა ექსპორტის წახალისებას პროგრამებს აქამდეც ახორციელებდა, თუმცა მათ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი არ ჰქონიათ.

კომენტარები