ლარის კურსი

კვირიკაშვილი: სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად გამოსწორებადია

ტაბულა

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეიკრიბნენ და ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, "სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად, უახლოეს პერიოდში ექვემდებარება გამოსწორებას".

"განვიხილეთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. ასევე კაპიტალური დანახარჯების კუთხით ხარჯვის ოპერატიული ინფორმაცია გავიარეთ. ვიმსჯელეთ ასევე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. ეს მსჯელობა გაგრძელდება ეკონომიკურ საბჭოში პრემიერის ხელმძღვანელობით. სიტუაცია მარტივი არ არის, ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისთვის, რომ გამოსწორდეს და შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში ექვემდებარება ძალიან მარტივად უახლოეს პერიოდში გამოსწორებას", - თქვა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით კი, დღევანდელ ტრადიციულ შეხვედრაზე დასახეს ძალიან კონკრეტული გეგმები იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს უახლოეს პერიოდში სიტუაცია.

"ვფიქრობთ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე განსაკუთრებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი სინქრონული მუშაობით შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტა", - თქვა ხადურმა.  

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 21 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.18 (2.1771) თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა დღეს სამი თეთრით გაუფასურდა.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვალს დადგენილი კურსი 2.15 (2.1472) ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერვენციამ ვერ შეაჩერა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ გამოიწვია. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები