საპარლამენტო კომისია საყდრისზე

საყდრისზე საპარლამენტო კომისიის შექმნაზე კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა

საქართველოს პარლამენტი

საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვლავ ვერ გადაწყდა. ამის მიზეზი ამჯერად კვორუმი გახდა - კენჭისყრაზე დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ შეიკრიბა. როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, დღეს განხილულ საკითხებზე კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირაში მოხდება.

დეპუტატებს გადაწყეტილება საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დღეს უნდა მიეღოთ. თავისუფალი დემოკრატების ინიაციტივის მიხედვით, საყდრისის საბადოს საკითხს სხვადასხვა ფრაქციიდან წარდგენილი დეპუტატები შეისწავლიან. კომისიის შექმნას მხარს უჭერენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი. კომისიის შექმნას არ ეთანხმება მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია. მისი განცხადებით, 2006 წელს საყდრისის საბადოს ძეგლის სტატუსი ისე მიენიჭა, რომ ამის თაობაზე არავითარი მასალა არ არსებობდა.

ნუკრი ქანთარიას განცხადება გააპროტესტეს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ. მათ შესვენებაზე გამოსულ დეპუტატს მატყუარა უწოდეს.
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შემქნის მიზანშეწონილობას დეპუატატებმა რამდენი დღის წინ ბიუროს სხდომაზე დაუჭირეს მხარი, შექმნასთან დაკავშირებით კი, პარლამენტმა გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

კომისიის შექმნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 2014 წლის ბოლოს, კომპანია RMG-მ საყდრისში სამუშაოები გაანაახლა. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, 13 დეკემბერს უბანზე ორი აფეთქება მოხდა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაიწყო.

კომენტარები