PACE

აგრამუნტი: წინასწარი პატიმრობა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის დაუშვებელია

0 კომენტარი
პედრო აგრამუნტი ფოტო: http://www.epp-cd.eu/

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, წინასწარი პატიმრობა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არ გამოიყენოს. განცხადება ამის შესახებ წინასწარი პატიმრობის დროს დარღვევების საკითხებში PACE–ს მომხსენებელმა, ესპანელმა დეპუტატმა, ევროპის სახალხო პედრო აგრამუნტმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

„საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია წინასწარი პატიმრობების გამოყენების შემცირების კუთხით. ზოგადი გაუმჯობესების ფონზე, გამიკვირდა იმის გაგება, რომ წინა ხელისუფლების ამ რაოდენობის წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ზოგიერთი მათგანი მკაცრად იზოლირებულია, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად", – განაცხადა აგრამუნტმა.

მის თქმით, „შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს წინამორბედების წინააღმდეგ ამჟამინდელი ხელისუფლების მწვავე კამპანიის ნაწილია".

„პოლიტიკური მეტოქეების დემონიზაცია, რაც, როგორც ჩანს, ორმხრივია საქართველოში, არ არის ჯანსაღი მახასიათებელი დემოკრატიისთვის და დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავების უფლებამოსილება არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული ან ამგვარად აღქმული", – განაცხადა დეპუტატმა.

აგრამუნტი თბილისს შეფასებითი მისიის ფარგლებში ესტუმრა. მან მოინახულა ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ან სასჯელს იხდიან, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, ასევე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა.

PACE–ს მომხსენებელი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში წინასწარი პატიმრობის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ანგარიშს მოამზადებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები