უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ნინო გვენეტაძე გადაცემა 60 წუთის ჟურნალისტების დაკავებას ითხოვდა

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე გადაცემა 60 წუთის ჟურნალისტების დაკავებას ითხოვდა - ამის ვიდეომასალა გადაცემა 60 წუთის არქივიდან, რუსთავი 2-მა გაავრცელა.

2003 წლის ვიდეომასალაში ნაჩვენებია, როგორ სძალავენ მოქალაქეს ფულს მოსამართლეები და სასამართლო რგოლის სხვადასხვა წარმომადგენლები. ამ მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, იმ დროს დისციპლინარული საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო გვენეტაძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ სამი პრესკონფერენცია გამართეს და ფუნდამენტურად, საფუძვლიანად დაგმეს 60 წუთი, რომელსაც მათი განცხადებით კანონიერი უფლება არ ქონდა ემხილა მექრთამე მოსამართლე და ამის გამო 60 წუთის თანამშრომლების დაპატიმრება მოითხოვეს. ამ მოთხოვნით მათ გენერალურ პროკურორს მიმართეს. ტექსტი კი გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა სათაურით - „60 წუთის მეშვეობით კრიმინალურმა სამყარომ ბრძოლა დაიწყო სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ“

ტექსტის პირველი აბზაცი კი შემდეგი იყო: საქართველოს უზენაესი სასამართლო მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაამოწმოს გადაცემა 60 წუთის სიუჟეტები. შეისწავლოს ხომ არ შეიცავს ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

გვენეტაძის და ტურავას მოთხოვნას რუსთავი 2-ის განცხადებით კრიტიკა მოყვა როგორც საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ტურავა-გვენეტაძის მოთხოვნას დუეტს დავით უსუფაშვილიც აპროტესტებდა.

„სერიოზულად შემაშფოთა ამ წერილმა, მისი გავრცელების ფაქტმა. ვინაიდან მე აქ დავინახე გაბრაზებული სასამართლოს სიმპტომი და გაბრაზებული სასამართლო ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათო მოვლენაა სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის“ - ამბობდა დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილი ნინო გვენეტაძე, 2012 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი 14-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. სწორედ ამ კომისიის მიერ შედგენილი სიის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მიიღო დადგენილება "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე", რომელსაც თან ახლავს პოლიტპატიმრების 190-კაციანი და პოლიტიკური ნიშნით დევნილების 25-კაციანი სია.

კომენტარები