საქართველოს ეკონომიკა

ბიბილაშვილი: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ტოტალურად მცდარი პლატფორმით მოვიდა

ტაბულა

იურისტ ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, მთავრობას არა კოორდინაციის, არამედ ფუნდამენტური იდეოლოგიური და ღირებულებითი პრობლემა აქვს. როგორც ბიბილაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, "მემარცხენე ხელისუფლება დგამს ბევრ ბიოროკრატიულ ნაბიჯს. თუმცა, მმართველ გუნდში არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ ეს არასწორია, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან". იურისტი აღნიშნავს, რომ "ამ შემთხვევაში კოორდინაცია არაფერს მოგვცემს, კოორდინაცია შეიძლება იყოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებსაც გუნდში ყველა ეთანხმება". ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სიტუაციის გამოსასწორებლად "ხელისუფლებამ არსებითად უნდა აღიაროს, რომ პლატფორმა, რომლითაც მოვიდა, იყო ტოტალურად მცდარი".

"მათ ერთი კაცის აკვიატებად გამოაცხადეს ლაზიკა და კონკრეტული პროექტები. ამან შედეგები გამოიღო ორი წლის შემდეგ და დღეს ვიმკით ამის შედეგს. ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა შეაბრუნოს. მაგალითად, არ არის საჭირო სავიზო რეფორმა, შრომითი მიგრაციის კანონი არის მავნებლობა, ხელისუფლება აწარმოებს მავნებლობას ევროკავშირის სახელით. აქციზმა უნდა დაიკლოს, საგადასახადო ტარიფების კლება უნდა გაგრძელდეს, საგადასახადო ამნისტია გამოცხადდეს, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იქნებოდა სტიმული ეკონომიკისთვის, ნაკლები რეგულირება და ნაკლები ბიუროკრატია" - განაცხადა ბიბილაშვილმა.

კომენტარები