საქართველოს ეკონომიკა

ხვიჩია: უცხოელებთან მიმართებით, ჩვენი კანონმდებლობა 90-იანი წლებისას ემსგავსება

ტაბულა

იურისტ იაგო ხვიჩიას შეფასებით, კრიზისიდან გამოსასვლელად "მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია". როგორც ხვიჩიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, მთავრობამ უნდა შემოიყვანოს უცხოური ინვესტორები იმ გზით, რომ გააუქმოს სავიზო რეგულაციები, მოხსნას ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, გააუქმოს კომისიები და მაქსიმალურად გაამარტივოს უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა. მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მტრული დამოკიდებულებით ემსგავსება 90-იანი წლების კანონმდებლობას.

"თუ ხვდები იმას, რომ ლარის გასამყარებლად დოლარი უნდა შემოვიდეს, როგორ შემოვა დოლარი, თუ ვიზა არ გაეცი ტურისტზე? მთავრობას შეუძლია რეგულირებები მოხსნას, უცხოელები წაახალისოს... ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობა ემსგავსება 90-იანი წლების კანონმდებლობას ერთ რამეში. ის კანონმდებლობაც კი არ ამბობდა, რომ "ჩვენ უცხოელი არ უნდა შემოვუშვათ", უბრალოდ, არ მიესალმებოდა უცხოელების შემოსვლას ქვეყანაში. თავისი არსით 90-იანი წლების კანონმდებლობას არ უყვარდა უცხოელი ტურისტი, ბიზნესმენი... დღევანდელი კანონმდებლობა ნელ-ნელა ემსგავსება ამას. მე მაგალითად, ჩემს უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი მიწევს იტალიის საშუალებით. თუ ის ადამიანი იტალიისთვის მისაღებია, საქართველოსთვის რატომ არ არის? თუ ჩვენ არ ვიქნებით მეგობრულები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომელმაც უნდა შემოიტანოს ვალუტა, დავბრუნდებით 90-იან წლებში... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველაფერში ხშირად იგულისხმება, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ, დავანებოთ თავი, შემზღუდველი რაღაცეები არ შემოვიღოთ და არ დავბრუნდეთ 90-იან წლებში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მტრული დამოკიდებულებით" - განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები