აზერბაიჯანი

აზერბაიჯანული მანათი ერთ დღეში 33,5%-ით გაუფასურდა

Getty Images

აზერბაიჯანული მანათი 23 თებერვალს ერთი დღის მანძილზე დოლართან მიმართებით 33,5%-ით გაუფასურდა. ამის მიზეზი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაა, რომელმაც აზერბაიჯანული ეკონომიკისთვის არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ვალუტის გაცვლითი კურსის შესუსტება გადაწყვიტა. მანათი ყველა მეზობელი ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით, მათ შორის ლარის მიმართაც გაუფასურდა. ვალუტის გაუფასურებამ ქვეყნის ბანკებსა და სავაჭრო დაწესებულებებში შოკის ეფექტი იქონია. 

მანათის გაცვლითი კურსი გასული ხუთი წლის მანძილზე პრაქტიკულად უცვლელი იყო. ერთი აშშ დოლარი 2010 წლიდან მოყოლებული 0,78 აზერბაიჯანული მანათი ღირდა, დღეს კი ერთი დოლარის შესაძენად 1,05 მანათი არის საჭირო.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, მანათის შესუსტება ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ექსპორტის წახალისებისთვის განხორციელდა. აზერბაიჯანის ძირითად საექსპორტო საქონელს ნავთობი წარმოადგენს. რადგანაც ნავთობის ექსპორტირების ხელშეკრულებები ძირითადად დოლარშია გაფორმებული, მანათის დასუსტება ნიშნავს, რომ ახლა ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება მანათში გაზრდილია. მანათის იძულებითი დევალვაცია არის გარკვეულწილად იმის მცდელობა, რომ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა გამოხატული მანათში დარჩეს უცვლელი. ნავთობის მსოფლიოს ფასის შემცირების გამო აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება დოლარში შემცირდა, მის დასასტაბილურებლად კი მთავრობამ მანათი ხელოვნურად გააუფასურა. 

იმის მიუხედავად, რომ მანათის დევალვაციამ შესაძლოა ექსპორტზე გარკვეული დადებითი გავლენა იქონიოს, ვალუტის გაცვლითი კურსის ასეთი სწრაფი ცვლილება ქვეყნის ეკონომიკასა და არსებული ფასების დონეზე შესაძლოა მხოლოდ დადებითად არ აისახოს. სავარაუდოდ, აზერბაიჯანში ზოგიერთ საქონელზე, რომლებიც უცხოეთიდან არის იმპორტირებული, ფასები გაიზრდება.

კომენტარები