თანამშრომელზე ზეწოლა

ნიჟარაძე თანამშრომელზე ზეწოლას უარყოფს: საქმე არ აქვთ, წერენ გაურკვეველ ხმებს

გეგი ნიჟარაძე
new.tbilisi.gov.ge

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამოქვეყნებული ჩანაწერი ყალბია.

"ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, არიან ადამიანები, რომლებსაც ეტყობა საქმე არ აქვთ, სხედან სადღაც ოთახებში და წერენ გაურკვეველ ხმებს. მე ვითხოვ, რომ აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დაადგინონ, დააზუსტონ და შემდეგ მოითხოვონ ჩემი პასუხისგებაში მიცემა, გაურკვეველმა პირებმა. უსაფუძვლოდ თბილისის მერიიდან არ გამითავისუფლებია", - განაცხადა ნიჟარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გეგი ნიჟარაძეს თანამშრომელზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია ფარულ ჩანაწერსაც ავრცელებს, რომელშიც, მედიატორის ხელმძღვანელის მტკიცებით, ნიჟარაძე თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერას აიძულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გეგი ნიჟარაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის და სამართალდამცველ ორგანოებს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას სთხოვს. ჩანაწერს სამართალდამცველ ორგანოებს გადაუგზავნიან.

კომენტარები