მშენებლობის ნებართვები

ხვიჩია: მერია კვირაში მშენებლობის მხოლოდ 60 ნებართვას განიხილავს

ტაბულა

იურისტ იაგო ხვიჩიას განცხადებით, 2014 წლის 26 სექტემბრიდან მშენებლობის ნებართვების გაცემა გართულდა და განსახილველ საკითხთა რაოდენობა შეიზღუდა. როგორც ხვიჩიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია კვირაში მხოლოდ 60 საკითხს განიხილავს. მან გადაცემაში თვალსაჩინოებისთვის თბილისის არქიტექტურის ვებგვერდიდან ამობეჭდილი მასალა მიიტანა.

"ეს განაცხადი გაკეთებულია ორშაბათს, 23 თებერვალს. ეს ეხება შემთხვევას, როცა ჩვენ, ვისაც გვინდა მშენებლობის ნებართვა, მივმართავთ არქიტექტურის სამსახურს იმისთვის,რომ მოვიპოვოთ ნებართვა. ყველანაირი არა -  ეს ეხება სტატუსის შეცვლას, ფუნქციური ზომების შეცვლას და ქალაქმშენებლობის პარამეტრებს. აქ წერია უარის მიზეზი. კერძოდ, "ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ეფექტური მუშაობისა და მისი გადატირთვის თავიდან ასაცილებლად, კომისიის ერთ სხდომაზე განსახილველ განცხადებათა რაოდენობის შეზღუდვის შესახებ საკითხი განხილულ იქნა  2014 წლის 26 სექტემბრის სდომაზე, რომელზე გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებითაც, კომისიის ერთ სხდომაზე განსახილველი განაცხადების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 60 საკითხით. თქვენი განაცხადი ცდება განსაზღვრულ ლიმიტს და განსახილველად არ გადაიგზავნება. გთხოვთ განაცხადი გადააგზავნოთ მომდევნო კვირის პირველ სამუშაო დღეს. ანუ ერთი კვირის განმავლობაში მე ვერ შევიტან განცხადებასაც კი. სამი კვირის მანძილზე ვცდილობდით განაცხადის გაგზავნას და ერთხელ გავიმართლა" - განაცხადა ხვიჩიამ და აღნიშნა, რომ ეს ყველა კანონს ეწინააღმდეგება.

"ეფექტური მუშაობა და დასვენება კარგი რამეა, მაგრამ რას ვაკეთებთ ამის სანაცვლოდ? ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბევრ ნორმატიულ აქტს, მაგრამ მთავარია პოლიტიკა. თურმე ვიღაცამ უნდა დაისვენოს და ამის გამო, განცხადებები ვერ უნდა მივიღოთ იმდენი, რამდენიც უნდა მივიღოთ. წარმოიდგინეთ, ხართ ინვესტორი, ამდენი ხნის განმავლობაში განაცხადიც კი ვერ შეგაქვთ და თან, სტატისტიკის მიხედვით, ფიქრობთ, რომ თქვენი განაცხადი არ დაკმაყოფილდება" - თქვა იურისტმა.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მსგავსი რეგულაციები და ბიუროკრატია პრობლემას უქმნის ეკონომიკას. მისი თქმით, სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა იმ განაცხადების რაოდენობა, რომლებიც დადებითაც გადაწყდა. კერძოდ, ხვიჩიას ინფორმაციით, 2014 წლის 2 აგვისტოდან დღემდე, ფუნქციური ზონის ცვლილებაზე დაკმაყოფილდა 96 განაცხადი, ხოლო არ დაკმაყოფილდა - 164 მოთხოვნა. მისივე თქმით, 2012 წლის 2 აგვისტოდან 2013 წლის თებერვლამდე პერიოდში მერიამ გასცა 128 ნებართვა, ხოლო არ დააკმაყოფილა 155 განაცხადი.

"ეს ახრჩობს ეკონომიკურ პროცესს - როცა ბიზნესს არ აძლევ გაქანებას. მე ინვესტორს არც კი შემიძლია ავუხსნა, რასთან აქვს საქმე. დამქირავებელს ვერ უხსნი, რატომ არ აძლევენ ამ ბიოროკრატიის გადალახვის საშუალებას" - განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები