ჟურნალისტზე ზეწოლა

კალაძე ლავას-ოღლის ზარზე: დასადგენია, ნამდვილად ვინ დაურეკა ეკა კვესიტაძეს

კახა კალაძე
facebook.com/kakhakaladzeofficial

რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასადგენია, მართლაც დაურეკა თუ არა ტელეწამყვან ეკა კვესიტაძეს კანონიერმა ქურდმა.

"მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად ვინ დაურეკა ქალბატონ ეკას. ამისათვის კი საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება. შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ძალიან კარგი, თუ საქმის კურსში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ ერთ ადამიანს შეუძლია დაურეკოს მეორეს - ვინმეს სახელით", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე, facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მას კანონიერმა ქურდმა ლავას-ოღლიმ დაურეკა და დაემუქრა. მან ფეისბუქის გვერდზე არჩილ თალაკვაძეს მიმართა:

"მოგმართავ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ახლა დამირეკა კანონიერმა ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას-ოღლიმ ტელეფონის ნომრიდან +372 81 652097 და დამემუქრა. იმედია სათანადო ზომებს მიიღებთ, ლავას-ოღლის ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ", - წერს კვესიტაძე.

მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ მას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გამოეხმაურა და დაჰპირდა, რომ სამინისტრო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

კომენტარები