აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ჭიაბერაშვილი: აბაშიძე იქცა რუსეთის ინტერესების გამხმოვანებლად საქართველოში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, "აბაშიძე-კარასინის ფორმატში რაც უფრო მეტი შეხვედრა გაიმართება, ჩვენ მით უფრო მეტ ზიანს მივიღებთ". მისივე თქმით, ამ ფორმატის არსებობამ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე მიაყენა უზარმაზარი ზიანი, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებების პარალელური ფორმატი გაკეთდა.

"ჩვენ მნიშვნელოვანი პოზიციები დავკარგეთ ჟენევის ფორმატში. ახლა კიდევ ამ ფორმატის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდ ზიანს მივიღებთ. ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ, რომ ბატონი აბაშიძე იქცა რუსეთის ინტერესების და კარასინის პოზიციის გამხმოვანებლად ქართულ საზოგადოებაში. აბაშიძის განცხადება, რომ საქართველო პრაქტიკულად უნდა გაჩერდეს NATO-სთან ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მიყენებული უზარმაზარი ზიანი, რომელიც ერთი მხრივ აბნევს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და, მეორე მხრივ, მწვანე შუქს უნთებს პუტინს იმისთვის, რომ კიდევ უფრო აგრესიული ქმედებები განახორციელოს საქართველოში. სამხედრო მანქანების დაუბრკოლებელი მოძრაობა ამის კლასიკური მაგალითია", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები