ყაზტრანსგაზ-თბილისი

ყაზტრანსგაზი: ტარიფის შესაძლო ზრდა შეეხება იურიდიულ პირებს და არა მოსახლეობას

ტაბულა

ყაზტრანსგაზ თბილისის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი აცხადებს, რომ გაზის ტარიფის შესაძლო ზრდა ფიზიკურ პირებს არ შეეხებათ.

„ეს არ შეეხება მოსახლეობას. ეს ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს, სადაც ტარიფი არის დერეგულირებული“, - განაცხადა გია ბენაშვილმა. მისივე თქმით, კომპანია გაზს მთლიანად ყიდულობს და ლარის კურსის გამო 11 მილიონ ლარამდე დაკარგა.

„ჩვენ გაზს ვყიდულობთ მთლიანად 100%-ით. ვიხდით დოლარს და ვყიდით ლარებში. ის ტარიფები, რომლებიც დღესდღეობით მოქმედებს, დადგენილია 2007-2008 წელს. მას შემდეგ ლარმა განიცადა ცვლილებები. კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა შიდა რეზერვებით განეხორციელებინა ყველა პრობლემის მოხსნა, რომ ეს ტარიფებს არ შეხებოდა. მაგრამ გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების შედეგად, კომპანიამ დაკარგა 11 მილიონ ლარამდე. ყველა მომწოდებელმა გაგვიძვირა პროდუქცია, იქნება ეს მილები, გადამყვანები და ა.შ., დაახლოებით 25-30%-ით. კომპანიას არ დარჩა არანაირი შიდა რეზერვი, რომ ამის ხარჯზე გააკეთოს ყველაფერი გაზის საყიდლად და თბილისს გაზმომარაგების პრობლემა არ ჰქონდეს“ - განაცხადა გია ბენაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას (სემეკ) კომპანიამ მიაწოდა ყველა ინფორმაცია და უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება მათი გადაწყვეტილების შესახებ.

კომენტარები