ებრაული თემი

დღეს ბათუმში მეცხრამეტე საუკუნის სინაგოგა ჩამოინგრა

ბათუმის სინაგოგა
facebook.com/marine.solomonishvili

ბათუმში მეცხრამეტე საუკუნის სინაგოგა ჩამოინგრა, რომლის ახლოსაც ფირმა "ინშაათის" დაკვეთით "გუმბათი ჯგუფი" წინა წლის შემოდგომიდან სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. 9 მარტის ქუჩაზე მდგარი სინაგოგა საბჭოთა დროს ებრაულ თემს ჩამოერთვა. ამ დრომდე იქ ერთი სოციალური დაუცველი ცხოვრობდა.

ებრაული საინფორმაციო ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ ლეას წარმომადგენელი მარინე სოლომონიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ "სინაგოგა გადაცემ-გადმოცემაში იყო, ხან უბრუნდებოდა ებრაელებს, ხან უკან ერთმეოდათ". მისივე ინფორმაციით, სინაგოგას ძეგლის სტატუსი ჩამორთმეული ჰქონდა.

იმავეს ამბობს ტაბულასთან კომენტარში გუმბათის ჯგუფის სამუშაოთა მწარმოებელი გურამ კონცელიძე. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიიღო. კონცელიძე აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყებამდე მათ სინაგოგის შენობა გაამაგრეს, რადგან ამორტიზებული იყო: "საძირკველიც ჩავასხით", თუმცა კონცელაძე არ გამორიცხავს, რომ საკულტო ნაგებობის დანგრევა შესაძლოა მართლაც გამოიწვია სამშენებლო სამუშაოებმა.

კითხვაზე, რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს სინაგოგის გადასარჩენად, მარინე სოლომონიშვილი აცხადებს, რომ საკულტო ნაგებობის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე წითელი ხაზები უნდა დაეტანათ.

"სინაგოგების გარშემო მიწის ნაკვეთები ეკუთვნის არა იმ რელიგიურ თემს, რომელსაც ეკუთვნოდა ეს საკულტო ნაგებობა და ჩამოართვეს. წითელი ხაზების დატანა არ ხდება, როდესაც მე რუკა ვნახე, წითელი ხაზები არ არის დატანილი. ასეთივე წარმატებით, როგორც მიწის ნაკვეთი შეიძლება მთლიანად გაიყიდოს ვინმე ერთ პიროვნებაზე. სახელმწიფომ უნდა დაიტანოს წითელი ხაზები ამ საკულტო ნაგებობებზე, რომ დაცული იყოს", - აცხადებს სოლომონიშვილი.

კომენტარები