გამოხატვის თავისუფლება

ევროსასამართლო ფარულ გადაღებასთან დაკავშირებულ საქმეზე მედიას ამართლებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა თვლის, რომ ჟურნალისტების დასჯა ფარული გადაღების გამო ევროკონვენციის მეათე მუხლს - გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ევროსასამართლომ საქმეზე "ჰალდიმანი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ" წინასწარი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ულრიხ მათიას ჰალდიმანი, ჰანსიორგ უცი, მონიკა ანემარია ბალმერი და ფიონა რუთ შტრებელი შვეიცარიელი ჟურნალისტები არიან. სწორედ ეს გუნდი მუშაობდა საგამოძიებო გადაცემაზე Kassensturz და ამზადებდა სიუჟეტებს მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებით. 2003 წელს მათ ფარულად გადაიღეს სადაზღვევო ბროკერი, რომელიც უკანონოდ მოქმედებდა და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.

კამერა დაამონტაჟეს ოთახში, სადაც მომხმარებელსა და ბროკერს უნდა ესაუბრათ. ჟურნალისტი მონიკა ანემარია ბალმერი მეზობელ ოთახში იმყოფებოდა. ფარული ჩაწერის შემდეგ, ბალმერი ბროკერთან შევიდა და უთხრა, რომ ის იღებდა. ბროკერმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

გადაცემაში ჩანაწერის ამონარიდები გაუშვეს, სადაც ბროკერის სახე და ხმა შენიღბული იყო.

2007 წლის 5 ნოემბერს ჟურნალისტები ჰალდიმანი, უცი, შტრებელი და ბრამერი დამნაშავედ ცნეს ფარული კამერით გადაღებისთვის და ჯარიმა დააკისრეს. ბრალდებულებმა განაჩენი ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივრეს.

შვეიცარიიის სასამართლომ დაადგინა, რომ ითვალისწინებდა საზოგადოებრივ ინტერესს სადაზღვევო სფეროში არსებული პრაქტიკის შესახებ, რადგან ეს უფრო წონადია, ვიდრე ინდივიდუალური ინტერესის საკითხი. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ჟურნალისტებს შეეძლოთ, გამოეყენებინათ განსხვავებული მიდგომა, რათა ეს ნაკლებად საზიანო ყოფილიყო ბროკერის კერძო ინტერესებისთვის.

ციურიხის კანტონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, განმცხადებლები მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლეს და მათი ჯარიმები შემცირდა. განმცხადებლებმა გადაწყვეტილება 2009 წელს ევროსასამართლოში გაასაჩივრეს.

ევროსასამართლო პირველ რიგში დააკვირდა იმ საკითხს, რომ სადაზღვევო ბროკერის დაუდევრობა და მომხმარებელთა ინტერესების არაადეკვატური დაცვა იყო საზოგადოებაში დებატის საგანი.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თუ ბროკერს სჯეროდა, რომ ინტერვიუ იყო მკაცრად პირადული, სიუჟეტი იყო ფოკუსირებული არა კონკრეტულად მასზე, არამედ ზოგად პრაქტიკაზე.

სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ჟურნალისტებმა დაიცვეს ეთიკა, როდესაც ბროკერის ხმა და სახე შენიღბეს.

სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ბროკერის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ გადაეჭარბებინა საზოგადოების ინტერესისთვის სადაზღვევო სფეროში არსებულ პრობლემებზე.

სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მიერ ჯარიმების შემცირებისა, სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუშლიდა მედიას, გამოეხატა კრიტიკა.

კომენტარები